საზოგადოებაში ძალიან მომძლავრებულია ნეგატიური ფონი, აზრი, ინფორმაცია…. ამსათან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის ერთ –ერთ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა და საზოგადოებას, განსაკითრებით კი ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ წერონ არა მხოლოდ ნეგატივზე, არამედ დადებითზეც. რა გავლენას ახდენს მუდმივი ნეგატივი და ნეგატიური ფონი ადამიანის ფსიქოლოგიაზე და როგორ გადავჭრათ მომძლავრებული აგრესიის პრობლემა, ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრა.
- საქართველოს პატრიარქმა ქადაგებაზე ჟურნალისტებს მიმართა, რომ იყვნენ კარგი ამბის მთხრობელნი და არ ასახონ მხოლოდ ნეგატივი. თქვენი აზრით, რატომ მოუწია პატრიარქს ამ საკითხზე გაემახვილებინა ყურადღება? ზოგადად, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ჟურნალისტები ნეგატიური ამბების გაშუქებას? ეს ამ საუკუნის სენია თუ რაში მდგომარეობა პრობლემა?
საერთოდ მედიას აქვს უზარმაზარი გავლენა საზოგადოებაზე, ის არის დამაკავშირებელი ხალხსა და იმ სამთავრობო თუ არასამთავრობო ფენას შორის, რომელსაც უნდა გაატაროს თავისი კანონები, მედია მეოთხე ხელისუფლებაა და უზარმაზარი გავლენა აქვს, გემოვნება ჩაცმულობა, მანერები, ეს ყველაფერი მედიისგან მოდის, დღეს იმდენად აღარ კითხულობენ, ამიტომაც ძირითადი ტონის მიმცემი არის მედიასაშუალებები. როდესაც პოზიტიურზე ფიქრობ, ამ დროს თავის ტვინში გამოიყოფა ენდოგენური მორფინი, რომელიც იწვევს სიამოვნებას. როდესაც გესმის რაიმე სასიამოვნო, დღეს იწყებ სიხარულით, ღიმილით კარგი ამბით, მადლიერებით ბუნებრივია, რომ ეს პოზიტიურია და კარგია, მაგრამ ბუნებრივია ცხოვრება ასეთი არ არის და შესაძლებელია ყოველთვის კარგი ამბები ვერ მოისმინო, ვერ დავაიგნორებთ, როდესაც ამდენი გაჭირვებაა, ამდენი კატასტროფა ხდება. მედია კი არის ორიენტირებული სენსაციაზე, უარყოფითზე იმოტომ, რომ უაროფითი ამბის მოსმენის დროს გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც იწვევს გულის აჩქარებას, რეალურად ადამიანის წამოკიდება უფრო ხდება უარყოფითი ამბით, ვიდრე დადებითით. დადებითი ამბავი უფრო მოდუნებას, რელაქსაციას იწვევს, უარყოფითის შემთხვევაში კი ხდება აღტკინება.
- რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ინტენსიურად გაშუქებული ნეგატივი? თქვენ, როგორც ფსიქოლოგი რას ურჩევდით მედიის წარმომადგენლებს?
როგორც ავღნიშნე ნეგატიური ამბავი იწვევს საზოგადოების აღტკინებას ამიტომაც, ამბის შეფუთვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც უარყოფითით იწყებ, მერე დადებითს იტყვი თუ არა, აღარ აქვს მნიშვნელობა, მაინც ბოლოში უარყოფით გავლენას ტოვებს. შესაძლებელია ამბის შეფუთვა შეიცვალოს, ჯერ პოზიტიურად დაიწყოს ამბის თხრობა, შუაში ნეგატივი და ბოლოს ისევ პოზიტიურით დამთავრდეს, ანუ ამ შეფუთვით ნაკლებად უფრო სტრესული და უფრო მეტად მისაღები იქნება ადამიანისთვის.
- ზოგადად ქვეყანაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანში აგრესიული ფონი ძალიან გამძაფრებულია, მათ შორის მოზარდებშიც. თვითდამკვიდრების სურვილით ხომ არ არის გამოწვეული ყოველივე ეს და რას ურჩევდით მშობლებს, მოზარდებში აგრესიასთან საბრძოლველად?ზოგადად აგრესია
დამახასიათებელია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მათ შორის ადამიანისთვისაც, აგრესია არ არის მხოლოდ ნეგატიური, ის პოზიტიურიც არის, ეს არის ენერგეტიკა, მნიშვნელოვანია საით იქნება მიმართული ეს აგრესია, იქნება დამანგრეველი თუ მაშენებელი, იქნება ეს სპორტში, ხელოვნებაში თუ მეცნიერებაში, ამ შემთხვევაში აგრესია დადებითია, განსხვავებოთ სოციალურ ურთიერთობებში გადატანილი აგრესიისა, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კალაპოტში იქნება მოქცეული აგრესია, ის არის დაცვითი მექანიზმი, ცოცხალი არსება აგრესიით იცავს თავს, ადამიანიც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში, გარდატეხის ასაკი უბრალოდ კრიტიკული ასაკია, როდესაც ხდება ჰორმონალური რევოლუცია, ფიზიოლოგიური რევოლუცია, ტვინში ხდება ყველაფრის გადალაგება, იცვლება გარენგნობა და თვითშეფასება, ამ კონკრეტულ პერიოდში მოზარდისგან წამოსული აგრესია შეიძლება იყოს მიმართული მშობლების მიმართაც, მეორეს მხრივ, შესაძლებელია სწორედ მედიასაშუალებებით მოდის იმდენი აგრესია, რომ ამის კოპირება ხდება მოზარდში და გადააქვს თავის ცხოვრებაში. უნდა მოხდეს მძაფრი ფილმების, თამაშების, სადაც ამდენი აგრესიაა, სისხლია, ნაკლები დოზით მიღება.
- განსაკუთრებით რომელ ასაკში იჩენს აგრესია თავს და თითოეულ ასაკში რისი გამოვლინებაა ის?
აგრესია ადამიანს განსაკუთრებით აქვს ახალგაზრდობაში, საერთოდ ცნობილია, რომ ოცდაათ წლამდე, მამაკაცებში განსაკუთრებით, თუმცა ქალებშიც, არის ტესტოტერონის კონცენტრაცია მაღალი, რაც შესაბამისად მეტ აგრესიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რაც ადამიანი ასაკში შედის ხდება ჰორმონალური გადალაგება, ღირებულებების გადაფასება და ადამიანი უფრო მეტად მიდის წესრიგისკენ, შემთხვევითი არ იყო, რომ ანტიკურ ხანაში ითვლებოდა, რომ ადამიანი ოცდაათ წლამდე ყმაწვილია და მას არ შეიძლება მიანდო რაიმე დიდი საქმე ან პასუხისმგებლობა, მისი ბუნებითობის გამო და ოცდაათი წლის შემდეგ ხდებოდა მისი, როგორც ზრდასრული ადამიანის აღქმა და შეიძლებოდა, რომ მისთვის ჩაგებარებინა რაიმე საქმე, თუმცა გამონაკლისები ყოველთვის იყო. ახალგაზრდებისთვის უფრო დამახასიათებელია აგრესია, მაგრამ ყველას გვინახავს აგრესიული მოხუციც და შუახნის ადამიანიც, მაგრამ ამ ასაკის ადამიანს შესაძლოა რაღაც ინდივიდუალური მიზეზი ქონდეს.
- ქალბატონო მარინა, როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანმა იმ მომძლავრებულ ნეგატივს რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, რა დამცავი მექანიზმი არსებოს, რომ ჩვენი ფსიქოლოგია არ დაზიანდეს?
არავითარი ბრძოლა აგრესიასა და ნეგატივს არ ჭირდება, რადგანაც რასაც ებრძვი იმას აძლიერებ ყოველთვის, რასაც დაუწყებ ბრძოლას უნდა იცოდე, რომ ამ ბრძოლით ის გაძლიერდება, მასთან გამკლავების ერთადერთი საშუალებაა იგნორი, საკუთარი პიროვნული საზღვრების დაცვა და ინფორმაციის გაფილტვრა, საჭიროს შენახვა, არასაჭიროს –გატარება და სიმსუბუქე, არა წონის, არამედ მოვლენებისადმი დამოკიდებულების მხრივ, მაგალითად ფოთოლი, რომ გადააგდო მეათე სართულიდან ის არ დაზიანდება, რაც არ უნდა ქარიშხალში მოყვეს, რბილად დაჯდება, რადგანაც მსუბუქია, საზამთრო კი პირდაპირ გასკდება სიმძიმის გამო და ეს სიმძიმე ყოფით ცხოვრებაში შეიძლება იყოს პრობლემები, ჩვენი დამოკიდებულებები მოვლენებისადმი, რაც უფრო მშვიდად და მსუბუქად ვუყურებთ ყველაფერს, რაც უფრო შევძლებთ მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის, მისგან კარგი ავიღოთ, ცუდი გავფილტროთ ან გავატაროთ მით უფრო გაგვიადვილდება. ბრძოლა კი არ არის სწორი, რაცას ებრძვი ის უფრო გაძლიერდება.
- რას გვეტყვით სოციალურ ქსელების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე? შეიძლება ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის სენია, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს მსგავს საიტებს, რამდენად უწყოფს ასეთი საკომუნიკაციო საშუალება ადამიანის ფსიქოლოგიურ გამოვლინებას. მსგავსი საიტები ადამიანების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებენ?
სოციალური ქსელები ამ დროის თანმდევია, ეს არის ინფორმაციის მოძიების საშუალება, უფრო რაფინირებული ჭორაობა, აქ პრაქტიკულად წამებში შეგიძლია მოიარო მთელი შენი სანაცნობო, გაიგო ვინ რას ფიქრობს, ვინ რას აკეთებს, შესაძლებლობა გეძლევა ადამიანის გემოვნების და აზროვნების შეფასებისა, გარდა ამისა სოციალური ქსელები არის ძალიან სწრაფი კომუნიკაციის საშუალება და ამ მხრივ ძალიან ეფექტურია. ზიანის მოტანა ადამიანისათვის ყველაფერს შეუძლია, ყავას, საჭმელსა თუ ნებისმიერ საქციელს, თუ ეს არის უზომო და ზღვარგადასული, შესაბამისად ასევეა სოცილაური ქსელებიც, ადიქციაში თუ ჩამოყალიბდა დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ის საფრთხის შემცველია, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ რისთვის იყენებს სოციალურ ქსელებს, თუ მას იყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიძიო, მაშინ ის ძალიან პოზიტიურია, რატომაც არა. 20.06.14 ნინა პირტახია