სანამ სამი წინაპირობა არ შესრულდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ იქნება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. კარასინი აცხადებს, რომ დროა, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯები გადადგას.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად არ გადაუდგამს.
“ბატონი კარასინი, და საერთოდ, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადება, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას, ჩვენ ადრეც მოგვისმენია და ადრეც გამიკეთებია კომენტარი. იმ პირველი გაკეთებული კომენტარიდან დღემდე არაფერი არ შეცვლილა, საქართველო ვერ გადადგამს რუსეთის მიმართულებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენ ნაბიჯს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, იმიტომ, რომ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი არის აღიარებული რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასევე იმის გამო, რომ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ასევე არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოხდება დეოკუპაცია, აღიარების უკან წაღება, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, არც ერთ ფორმატში, რომელიც დღეს რუსეთთან არსებობს, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს.
20.06.14