ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, მის გადაჭრის გზებზე, „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია მაისაშვილი ესაუბრა.
- რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ეკონომიკაზე, დაგვიხასიათეთ ჩვენი ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის მდგომარეობა
ზოგადად ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, როგორც ექსპორტის განხორციელება, ასევე იმპორტის შემოდინება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა ინტეგრირებულია გარე სამყაროსთან. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როგორც ექსპორტი ისე იმპორტი ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს ბალანსი დარღვეულია. საქართველოში არ იწარმოება არც მნიშვნელოვანი პროდუქცია და არც მნიშვნელოვანი მომსახურება, რომელიც ქმნის სიმდიდრეს. ჩვენი პროდუქცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია და თანამედროვე გარემოში ამაზე ორიენტირება არ არის ჯანმრთელი. სხვა მხრივ საქართველოში პროდუქცია არ იწარმოება, ისეთი რომელზეც მოთხოვნა იქნება გარე სამყაროში. ქვეყნისთვის უკეთესია, თუ ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელსაც სხვა ქვეყანა ვერ ჩაანაცვლებს. ჩვენი ქვეყნის მზადება უნდა მოხდეს ასეთი ეკონომიკური სტრუქტურის შესაქმნელად. აქ აუცილებელია სახელწიფოს როლი, სახელმწიფოემ უნდა ჩამოაყალიბოს მთავარი კონცეფცია რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა, რა იქნება საქართველოს ნიშა. იმპორტს რაც შეეხება ქვეყანაში შემოდის თითქმის ყველაფერი რისი მსყიდველუნარიანობაც აქვს ქვეყანას.
- თქვენი აზრით რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას, რისი ექსპორტი შეგვიძლია მოვახდინოთ?
საქართველო უნდა იყოს ექსპორტზე ორიენტირებული არა ვაშლებით და მსხლებით, არამედ ინტელექტუალური საკუთრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ამ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ საუკუნის 40-იან წლებში, მსოფლიო მოსახლეობა ცხრა მილიარდი გახდება, როცა კლიმატის უარესობისკენ ცვლა ასეთი ჩქარი ტემპით მიდის და როცა მოსახლეობის საშუალო ფენა მთელ მსოფლიოში იზრდება, დახვეწილობა და ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. აი, ამ პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ აიღოს ნიშა ეკოლიგიისა და ეკოლოგიის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით, ეს მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ დახავსებულ, ჩამორჩენილ ეკონომიკიდან თანამდეროვე ეკონომიკაზე ორიენტირი ავიღოთ. სხვა ნიშნა ჩვენ არ გაგვაჩინია, ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტული ვერც ერთ სხვა პროდუქციაში. ჩვენ გეოგრაფიულად, ბუნებრივად ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკოლოგიაზე ორიენტირი გავაკეთოთ. ეკოლოგიასა და მის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურაზე იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ სახელმწიფომ ქვეყნისათვის უნდა გამოკვეთოს ეს როლი. მაღალ ხარისხიანი ინვესტიცია, როგორც უცხოური ასევე ადგილობრივი უნდა იქნას მიმართული ამ დარგში. ანუ სახელწიფოს როლი და მიმართულების გამოკვეთა, გეზის არჩევა, შემდეგ წახალისება ხარისხიანი ინვესტიციის, არა ინდუსების, არა ირანელების, არა თურქების ვისთან ერთადაც მიწას ყიდიან-გაყიდიან, ეს პრიმიტიული ინვესტიცია არაფერში არ გამოადგება ქვეყანას, არამედ უნდა მივიზიდოთ ისეთი მაღალ ხარისხიანი ინვესტიცია, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმზე, ეკოლოგიაზე, ხარისხიან ჯანმრთელ ცხოვრების წესზე. ამის გიგანტები, ამის ლიდერები არიან მსოფლიოში, ამ ხალხის მოყვანაა საჭირო, ოღონდ ეს ხალხი მოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველო ამ რეგიონში იქნება ეკოლოგიის ცენტრი.
- რას გულისხმობთ ეკოლოგიის ცენტრში?
რადგან მსოფლიოში საშუალო ფენა იზრდება, ახლა მთავარი მოთხოვნაა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ვარჯიშზე, სუფთა ჰაერზე, სუფთა წყალზე, ჯანსაღ საკვებზე და ჯანსაღ ურთიერთობებზე. არსებობს ასეთი ტერიტორიები ე.წ. „ლურჯი ზონები“. ასეთი ხუთი ზონაა მსოფლიოში, რომლებიც გამორჩეულია ამ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიბით. არის კიდევ ერთი კრიტერიუმი – ასწლიანი ადამიანების ხვედრითი წილი, ამ ზონებში მოსახლეობის ასაკი ყველაზე მაღალია. ყველა შეძლებულ ადამიანს სურს ამ ზონებში ცხოვრება, დასვენება. ახლა ქალაქის განვითარება, ქალაქმშენებლობა, ამერიკაში შტატების მშენებლობა, შვეიცარიაში კანტონების მშენებლობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, რომ თავიანთ გარშემო შექმნან ასეთი „ბლუ“ ზონები, ინფრასტრუქტურა, რათა მოიზიდონ ინვესტიცია. ჩვენი ქვეყნის ამოცანა უნდა იყოს ასეთი მეექვსე „ბლუ“ ზონა. ჩვენ მიერ ნახსენები ხუთი ზონაა იკერია – პატარა ბერძნული კუნძული ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან ახლოს, მეორე არის ოკინავას არქიპელაგი სამხრეთ იაპონიაში, მესამე არის სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, მეოთხე ცენტრალურ ამერიკაში არის ნიქოზიის ნახევარკუნძული და მეხუთეა სამხრეთ კალიფორნიაში, ლოსანჟელესიდან ასი კილომეტრის დაშორებით. ეს არის ხუთი ზონა სადაც გამოკვეთილია ჰაერიც, საკვებიც ნატურალურია, ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს, ეს მოდელი შესაძლებელია, რომ გადმოტანილ იქნეს საქართველოშიც, რადგან საქართველო ბუნებით „ბლუ“ ზონაა. საქართველოს აქვს შესაძლებლობა ამ მხრივ განვითარდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნა ძირითადი ინფრასტრუქტურა, უნდა გამოკვეთოს ძირითადი ხაზი, რომ ქვეყანა ეკოლოგიური განვითარების მიმართულებით მიდის. ამის შემდეგ შესაძლებელია მოვიზიდოთ მნიშვნელოვანი ინვესტორები ვინც ამ მხრივ მუშაობენ. სხვა დანარჩენი საქართველომ საკუთარი მოსახლეობისთვის უნდა აწარმოოს, ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი პროდუქტი. აქ უნდა იყოს სიჯანსაღეზე ორიენტაცია და შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სიჯანსაღეზე ორიენტაცია იქნება მოვა კაპიტალი, აქ მოვა „ნოუ ჰაუ“ და აქ აწარმოებენ პროდუქტს.
- რას იტყვით იმპორტზე, რა უნდა შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში და რა შემოდის დღეს?
იმპორტით ჩვენ უნდა მოვიტანოთ მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემენ მასზე დავაფუძნოთ ეკოლოგია. ჩვენ ასეთი ტექნოლგია გვჭირდება. ჩვენს ქვეყანას წარმოების ნულოვანი პოტენცია აქვს, ამიტომ ყველაფერი შემოდის, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს საზოგადოება გავზარდოთ, ვასწავლოთ, კულტურა ჩამოვუყალიბოთ. საქართველოში შემოდის მანქანა მოწყობილობები, ტექნოლოგიები, სათბობი, ნავთობი გაზი, საკვები ირანიდან, თურქეთიდან, რომელიც სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, ეს საკვები მოწამლულია.
- რატომ ხდება საკვები პროდუქტის იმპორტი ? ჩვენს ქვეყანაში რატომ არ იწარმოება?
იმიტომ რომ ამ საზოგადოებას არ აქვს უნარი ორგანიზების, ჩვენმა გლეხმა იცის ძველებური, მეცხრამეტე საუკუნის, პრიმიტიული სასოფლო–სამეურნეო საქმიანობა. სახელწიფოს ვალია გლეხს ამ მხრივ განათლება აუმაღლოს, მაგრამ ეს არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი კოოპერაციაზე უნდა იყოს აგებული. ქვეყნები რომლების ორგანიზაციას ახდენენ თავიანთი მეურნეობის კოოპერაციაზე არიან ორიენტირებულები . ესენია ისრაელი, იტალია, ფოლანდია გერმანია. ჩვენ ეს ხალხი უნდა ჩამოვიყვანოტ, ჩვენი იდეა მივცეთ, განვახორციელებინოთ და ამ პროცესში სოფლად დასახლებული ადამიანები ჩავრთოთ. ვასწავლოთ მათ მოყვანა, ვასწავლოთ ამ მოყვანილის გასაღება და „ნოუ ჰაუ“. დღეს ეს არ იციან, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, და შემდეგ როცა გლეხს ვასწავლით, ნელ-ნელა მათ უნდა გამოისყიდონ უცხოელი ინვესტორებისგან ეს მეურნეობები. დღეს ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. სახელმწიფოს ამის უნარი არ აქვს. წლები გავიდა, და აქ თუ რამე ინფრასტრუქტურაა ეს საბჭოთა დროინდელია და იქიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანას ის აზროვნება გადმოყვა. ახლა საჭიროა თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე ორგანიზება. ის ერი იმარჯვებს, რომელსაც აქვს უნარი ორგანიზების და სიმდიდრის შექმნის. ჩვენს ქვეყანაში კი გაუნათლებლობა და სრული მძარცველობაა. თანამდებობას იკავებენ ძალაუფლებისათვის და რა იმიტომ, რომ რაღაც შედეგს მიაღწევინონ ქვეყანას.
- როგორ დაახასიათებდით ქართულ ბაზარს?
ჩვენს ბაზარს მსყიდველობითი უნარი არ გააჩნია. ჩვენი ბაზარი პრიმიტიულია, კვებაზე, პირველადი მოთხოვნილებების პროდუქტებზე ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნის სუპერ მდიდრები ქართულ ბაზარს არ ხმარობენ, ისინი ჯანდაცვასაც ქვეყნის გარეთ იყენებენ და სხვა დანარჩენსაც.
- რა ბარიერებია საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე? ეხმარება თუ არა სახელმწიფო პრობლემა არ შეუქმნას ჩვენს ქვეყანას იმპორტირებულმა საქონელმა?
სახელმწიფოს ვალია მართოს ეს პროცესები. მთელმა მსოფლიომ განავითარება დაიწყო თავისი ახალდაბადებული ინვესტირების დაცვით. აწესებდა მაღალ სატარიფო გადასახადს, რომ ადგილობრივი პროდუქცია ფეხზე დამდგარიყო და შემდეგ მას შესძლებოდა იმპორტირებულ საქონელთან კონკურენციის გაწევა. ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსგავსი ინდუსტრიული პოლიტიკა არ არსებობს, სრული კატასტროფაა. საქართველოს მთავრობაში არ ვიცი ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, ეკონომიკური აზროვნება, რომელსაც შეუძლია ჩამოაყალიბოს ელემენტარული დონის ეკონომიკური პოლიტიკა. მათ ეს არ იციან, შემდეგ ამერიკელები მოდიან და ისინი ასწავლიან, რომელთაც ამერიკაში საშუალო დონი განათლება აქვთ ეკონომიკაში, მაგრამ საერთოდ არ იცნობენ საქართველოს. მექანიკურ სქემებს აძლევენ და ესენიც მექანიკურად იღებენ ამ სქემებს, რომელიც არ მუშაობს, ეს არის კატასტროფა. გლობალიზაციის პირობებში, იმ ქვეყანაში სადაც სტაგნაციაა ეს ქვეყანა ნადგურდება , მის ადგილს იკავებს სხვა. ომების დრო დამთავრდა, ეხლა განათლების, ჭკუის დროა, ჩვენ არ გვაქვს განათლება და პლუს სახელმწიფო კორუმპირებულია.
- თუ ხდება იმპორტირებული საქონლის კონტროლი, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შემოდის ქვეყანაში?
სასურსათო სამსახური, რომელიც მოახდენს ამის შემოწმებას, რომელიც ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია, არ ფუნქციონირებს ჩვენთან. ასეთი ცუდი მდგომარეობა ევროპულ ქვეყნებში არსად არ არის და საშუალო დონის აფრიკულ ქვეყანაში არ არის ასეთი მიშვებულობა. ჩვენ არ ვიცით რითი ვიკვებებით. საქართველო ამ თვალსაზრისით კატასტროფის ზონაა. ქვეყანას მეტი შეცდომების დაშვების დრო აღარ აქვს. სახელმწიფოები რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან ქვეყნის სისუსტეს, უუნარობას არ გვაპატიებენ და გადაგვყლაპავენ, ვინაიდან ბუნებრივი კანონზომიერებაა- ძლიერი ყლაპავს სუსტს.
- და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტა რა გზით შემოდის?
უცხოური ვალუტა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ქვეყნის გარეთ გასული მომუშავეებისგან შემოდის, რომლებიც ფულს საქართველოში თავიანთ ოჯახებში აგზავნიან. შემდეგ მოდის გრანტები, შმდეგ მოდის კრიმინალური ქარავანი აღმოსავლეთიდან, შავი ფული. სხვა ფული როგორ უნდა შემოვიდეს, როცა ქვეყანაში პროდუქცია არ იქმნება, რომ გაყიდო და მიიღოს უცხოური ვალუტა. 23.06.14 თამარ გვირჯიშვილი