ქართველმა საოპერო მომღერალმა ნინო სურგულაძემ, რომელიც მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო სცენებზე წარმატებით მოღვაწეობს, საფრანგეთში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. სურგულაძემ ფრანგების მოხიბვლა ამჯერად მასკანის ოპერაში შესრულებული მთავარი და ძალიან რთული სანტუცას პარტიით შეძლო.
„როგორც იქნა დადგა ეს დღე და ჩემი დებიუტი შედგა ,,სოფლის პატიოსნებაში” სანტუცას პარტიით. მადლობა ყველა ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგას, დირიჟორს, რეჟისორს და მხურვალე ფრანგ მსმენელს“,- წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე სურგულაძე
ფრანგი მსმენელისგან, ჟაკ პიერ ბომპერისგან, კი ქართველმა მომღერალმა შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:
„ქალბატონო, მე პატივი მერგო დავსწრებოდი cavalleria rustcana, ,,სოფლის პატიოსნებას” გუშინ ავინიონში, მოგვიანებით კოქტეილზეც შეგხვდით ჩემს მეგობარ კლოდ ოვრეს გვერდით და გამიმართლა და შევძელი მომელოცა თქვენს მიერ ასეთი ტალანტით შესრულებული სანტუცას პარტია. საოცარი ენერგიით შეასრულეთ, მთელი გული და სული ჩააქსოვეთ, ყველა თქვენი ძარღვი და ქართული ბობოქარი სისხლი, კიდევ გაგიმეორებთ, ძალიან ცოტა ხანში მსოფლიო თქვენ ფერხთით იქნება და ეს თქვენი ნიჭის და თქვენგან წამოსული უზარმაზარი ემოციის დამსახურებაა, დიდი პატივისცემით და გულწრფელი სიმპათიებით ჟაკ პიერ ბომპერი“.
“ამ თბილი სიტყვებისთვის ღირს სიმღერა” – წერს ნინო სურგულაძე “ფეისბუქზე”და მადლობას უხდი მსმენელს შეფასებისთვის.
23.06.14