საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენციას, რომელიც სასტუმრო “რედისონში” გაიხსნა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებიან.
კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს 30 დელეგატი.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანი და ხაზი გაუსვა, რომ ამას ადასტურებს მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებები.
პრეზიდენტმა ისაუბრა სასამარათლოს დამოუკიდებლობაზეც და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს სამართლის უზენაესობა და ამისი სწამდეს საზოგადოებას, აუცილებელია განვითარებული, უსაფრთხო და მიუკერძოებელი სასამართლო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, განსაკუთრებით – პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ.
კონფერენციას ესწრებიან გერმანიის ელჩი და აშშ-ის ელჩის მოადგილე. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიც არის მკაფიო, კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებები, გრძელვადიანი სასამართლო პროცესების მართვა, ეფექტური დისციპლინური მექანიზმები. კონფერენცის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ მემორნადუმს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების შესახებ.
“ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რადგან ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობისათვის. გარდა ამისა შეხვედრის ბოლოს მივიღებთ შეთანხმებას პრინციპებზე, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
კონფერენცია 25 ივნისამდე გაგრძელდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში პირველად მასპინძლობს.
23.06.14