საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის დელეგაციას შეხვდა.
აღნიშნულ დელაგაციას ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი, იაირ შამირი ხელმძღვანელობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის განვითარებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური დონის ამაღლების მიმართულებებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
“საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კარგი პარტნიორები გავხდებით. ეს ჩვენ დაგვეხმარება ტექნოლოგიებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში. მე, 13 მსხვილი ებრაული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიყვანე, რომლებიც მზად არიან, საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად”, – განაცხადა იაირ შამირმა.
ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებას შეეხო.
“გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ისრაელთან სხვადასხვა მიმართულებებით”, – აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, იაირ შამირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.
23.06.14