თბილისის მერობის კანდიდატებს, დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატების თემას ვიცეპრემიერი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, დავით ნარმანიასა და ნიკა მელიასთვის კითხვების დასმა ყველა ჟურნალისტს შეეძლება.
„რაც შეეხება კითხვას ნარმანიასთან დაკავშირებით, თუ სად გაიმართება დებატები, ალბათ უახლოეს დღეებში ესეც ცნობილი იქნება. ფორმატი იქნება საინტერსო, რადგან ყველა ტელევიზიიდან იქნება მიწვეული ჟურნალისტი და ყველას ექნება საშუალება ბატონ მელიას, ბატონ ნარმანიას დაუსვან სასურველი კითხვები და ისინი ამომწურავ პასუხებს გასცემენ“,-აცხადებს კალაძე.
კალაძე არჩევნების მერე ტურის თარიღსაც გამოეხმაურა და ნებისმიერი პარტიის მხრიდან საარჩევნო თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას დაუშვებელი უწოდა.
„კონკრეტული თარიღი ალბათ, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ თარიღს დაასახელებს. ეს მათი პრეროგატივაა და კონკრეტული პარტიების ჩარევა ამ პროცესში კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მოვისმინე გუშინ ბატონი უგულავას განცხადება. ეს იყო პირდაპირი ზეწოლა ცესკოზე. მოვისმინეთ ასევე მისი აბსურდული, დემაგოგიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს. ეს სრული სიცრუეა“,-განაცხადა კალაძემ.
24.06.14