საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, 27 ივნისს, კონფერენციას – “ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა” გამართავს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცეს მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში; მათ მიერ მოწოდებული წინადადებები და დოკუმენტები ასახული იქნება სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება ამ ღონისძიებაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და პირებმა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1gvAJdsJyHgAvc3ya5CMLqB1oyb71q8YmlkyX3p3ghh8/viewform?edit_requested=true
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე მუშაობს. ამ პარტნიორობის შედეგად გაწეული სამუშაოს ფარგლებში უკვე შეიქმნა “სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი”, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 აპრილს დაამტკიცა #553 განკარგულებით. დოკუმენტი უზრუნველყოფს ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევათა დაძლევას ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი აქტორების ძალისხმევის კოორდინაციით.
ახალგაზრდული პოლიტიკა კონცეპტუალურ დოკუმენტს წარმოადგენს და ის საფუძვლად უდევს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს. ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს შესაბამის ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და შეფასება.
ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ის 2014-2020 წლებზეა გაწერილია და ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას ფარავს: 1. მონაწილეობა; 2. განათლება, დასაქმება და მობილობა; 3. ჯანმრთელობა; 4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა. სამოქმედო გეგმა მოიცავს კონკრეტულ და დროში გაწერილ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული პოლიტიკის ამოცანების შესრულება. სამოქმედო გეგმების დასრულება 2014 წელს არის დაგეგმილი.
25.06.14