სახელმწიფო აუდიტის სამსახური საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას პასუხობს და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოყენებული ჯარიმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სამსახურმა შეისწავლა რამდენიმე საქმე, საიდანაც 14 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
“აქედან სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნა 12 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო სუბიექტი, 1 საქმე გამოვითხოვეთ სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო, ხოლო 1 საკითხი გადაწყდა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ”, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული საქმეები შეეხებოდა ინფორმაციების წარმოდგენის ვალდებულების დარღვევებსა და შემოწირულებების დამალვის ფაქტებს, რომლებზეც გამოყენებულ იქნა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციები.
“კერძოდ: მოძრაობა “სამართლიანი საქართველო,”ევროპელი დემოკრატები”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ახალი მემარჯვენეები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2-2 ათასი ლარით, “ერთიანი კომუნისტური პარტია”, – 5 ათასი ლარით, “დემოკრატიული მოძრაობა” – 64 636,86 ლარით, დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტები: ნესტან კირთაძე, ქართლოს ღარიბაშვილი, მამუკა მელიქიშვილი 1000-1000 ლარით, ნინო ჭანიშვილი კი 13935 ლარით დაჯარიმდნენ. “ხალხის პარტია” სასამართლომ გაამართლა, მიხეილ (გელა) სალუაშვილის წინააღმდეგ საქმე კი გამოთხოვილ იქნა”, – განმარტავენ აუდიტის სამსახურში.
უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა გუშინ, სატელევიზიო ეთერში აუდიტის სამსახურის საქმიანობა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, უწყებას ბოლო 2 წლის განმავლობაში “არავინ დაუჯარიმებია”, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება გამოთქვა.
25.06.14