საქართველოს პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ განაცხადა. შოთაძის ინფორმაციით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით მორატორიუმი არ დარღვეულა, რადგან საგამოძიებო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგულავა საქართველოდან გამგზავრებას აპირებდა და უკან დაბრუნებას აღარ გეგმავდა.
“ამ შემთხვევაში მორატორიუმის დარღვევა არ მომხდარა, ვინაიდან საგამოძიებო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბატონი გიგი უგულავა აპირებდა საქართველოდან გამგზავრებას და უკან დაბრუნებას აღარ გეგმავდა. რაც დადასტურდა ეს ინფორმაცია, კონკრეტულად, მას აღებული ჰქონდა ბილეთი, ასევე ბილეთი აღებული ჰქონდა მის ერთ-ერთ ოჯახის წევრს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და უკვე გაფრენილი იყო. როგორც ცნობილია, ის სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით და მის მიმართ მიმდინარეობს პრიცესი, არსებითი განხილვა”,- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი გულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მისცეს. გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს “სითი პარკსა” და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
02.07.14