15-საათიანი დაკითხვის შემდეგ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად გამოცხადდა ეჭვმიტანილად და გვიან ღამით წარსდა მოსამართლის წინაშე. მას სასამართლო პროცესზე ზეწოლასა და კორუფციაში ედება ბრალი.
ფრანგული კანონების შესაბამისად, მოსამართლე საქმის მასალების განხილვის შემდეგ გადაწყვეტს სარკოზისათვის ბრალის წაყენების საკითხს.
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში სარკოზი პირველი ექს-პრეზიდენტია, რომელიც პოლიციამ დასაკითხად დააკავა. მისი წინამორბედი ჟაკ შირაკი არასოდეს დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს ფინანსური მაქინაციებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი, რომელსაც 2007-20012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ჩვენების მიცემის მიზნით გუშინ საფრანგეთის პოლიციამ დააკავა.
გამოძიების ვერსიით 2012 წელს, სარკოზი, მაღალი რანგის მოსამართლეს ახალ თანამდებობას დაპირდა, თუ ის მიაწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციას სარკოზის წინასაარჩევნო კომპანიის ფინანსური მაქინაციების გამოძიების შესახებ. თავად სარკოზი ბრალდებებს უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება უკანონო დაფინანსებას რომელიც სარკოზიმ 2012 წელს მიიღო. მაისის ბოლოს, პარტია “სახალხო მოძრაობის მხარდამჭერი კავშირი” ეჭვმიტანილი იყო ფინანსურ მაქინაციებში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა.
პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა სახალხოდ მოინანია და აღიარა უკანონო მანიპულირება. ჯერემ ლავრიეს თქმით, უკანონოდ გადარიცხული თანხა 11 მილიონ ევროს შეადგენს.
„სახალხო მოძრაობის მხარდამჭერი კავშირი” თავის სახელზე აფორმებდა ფიქტიურ შეკვეთებს ფრანგული პიარსააგენტოს მეშვეობით, თანხა კი წინასაარჩევნო კამპანიას ხმარდებოდა. თუმცა ლავრიემ აღნიშნა, რომ თავად სარკოზიმ ამ დარღვევების შესახებ არაფერი იცოდა.
შეგახსენებთ, რომ სარკოზი წინასაარჩევნო დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობდა, მას 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის არალეგალური დაფინანსების მიღება ედებოდა ბრალად. გამოძიების ვერსიით, სარკოზიმ საფრანგეთის უმდიდრესი ქალისაგან, კოსმეტიკურ იმპერია L’Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისაგან სერიოზული შემოწირულობა მიიღო. თუმცა გამოძიებამ ექსპრეზიდენტს ლილიან ბეტანკურის საქმეზე ბრალდებები რამოდენიმე თვეში მოუხსნა.
02.07.14