თბილისში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ საინფორმაციო დღე იმართება.
კონფერენციაზე განიხილავენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული თავდაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები.
ნატო-ს დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში სორინ დუკარუ, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართვს. საინფორმაციო დღის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც აღნიშნული პროგრამის სპეციალისტები და მაღალი რანგის პირები ნატოს შტაბ-ბინიდან, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ქართველი მეცნიერები და ექსპერტები. საინფორმაციო დღეს გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
პროგრამა ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.
02.07.14