შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით თანხის დეკლარირების წესის დარღვევით გატანის მცდელობა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ რეისით “თბილისი-ურუმჩი” მიემგზავრებოდა საქართველოს მოქალაქე ფ.ხ. რომელსაც საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი” მებაჟე ოფიცრებმა 90 ათასი დოლარი აღმოუჩინეს.
აღნიშნული კანონდარღვევისთვის, პირს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
იმავე დღეს სგპ “თბილისის აეროპორტში” რეისით სტამბოლი-თბილისი ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე ი. ნ., რომლის ბარგშიც, საბაჟო პროცედურების გავლისას, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ნივთები აღმოაჩინეს. მგზავრს შემოჰქონდა, 20 ცალი ვაზა, 1 ცალი ლანგარი, 2 ცალი საშაქრე,1 ცალი ჩაიდანი, 4 ცალი კოვზი. ვერცხლის ნივთების საერთო წონამ შეადგინა 12,6 კგ, ხოლო საერთო ღირებულებამ – 10220,18 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული დარღვევისთვის, მგზავრს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 10220,18 ლარის ოდენობით.
02.07.14