საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინელ კოლეგებს რეფორმებში გამოცდილება გაუზიაროს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესწავლის მიზნით საქართველოს უკრაინის დელეგაცია ეწვია, რომელსაც უკრაინის იუსტიციის ახალი მინისტრი პავლო პეტრენკო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაქსიმ ბურბაკი და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები.
დელეგაციამ პირველი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გამართა. პავლო პეტრენკოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.
“იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს მაღალი დონის დელეგაციას უკრაინიდან. სტუმრად არიან უკრაინის იუსტიციის მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მათ აინტერესებთ ქართული რეფორმები სახელმწიფო მომსახურების სფეროში, სასამართლო რეფორმების სფეროში და ჩვენ მზად ვართ, უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ გამოცდილება ამ სფეროებში თუ ნებისმიერ სხვა საკითხში, რომელიც მათ დააინტერესებთ. ამით ეყრება ძალიან მტკიცე საფუძველი უკრაინისა და საქართველოს იუსტიციის სისტემებს შორის ურთიერთობას”, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების ურთიერთობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვა სახელმწიფო უწყებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია აღსრულების ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და იუსტიციის სახლს ეწვევა. უკრაინელი სტუმრები სამსახურების ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ელექტრონულ და ონლაინსერვისებს გაეცნობიან და პრეზენტაციებს მოისმენენ გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, დამისამართების, ავტორიზებული მომხმარებლების პროექტების, ელექტრონული აუქციონის, ელექტრონული საქმისწარმოების შესახებ. ერთ სივრცეში მოქცეული 300-ზე მეტი სერვისის ფუნქციონირებას უკრაინული დელეგაცია თბილისის გარდა ბათუმის იუსტიციის სახლშიც გაეცნობა.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. უკრაინულ დელეგაციას ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიც უმასპინძლებენ და უწყებებში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობენ.
სტუმრები საქართველოს 6 ივლისს დატოვებენ.
03.07.14