თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს გიგი უგულავას დაკავებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 3 ივლისს, თბილისის აეროპორტში.
“აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც შეჩერებული აქვს მერობის უფლებამოსილება, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრული დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას აიღო”, – ნათქვამია ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
თბილისის ყოფილი მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.
05.07.14