თბილისის ყოფილი მერის დაკავებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი “ტვიტერზე” ეხმაურება.
“თბილისში ბატონ გიგი უგულავას დაკავება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის წინა ვალდებულებებს”, – წერს კარლ ბილდტი “ტვიტერზე”.
ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას “ტვიტერზე” თან ერთვის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადება გიგი უგულავას დაკავების თაობაზე. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს გიგი უგულავას დაკავებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 3 ივლისს, თბილისის აეროპორტში.
“აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც შეჩერებული აქვს მერობის უფლებამოსილება, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრული დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას აიღო”, – ნათქვამია ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
05.07.14