“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი დღე ქვეყნის განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიგი უგულავას დაკავება იყო ცუდი და საშიში სიგნალი ხელისუფლების მხრიდან.
“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს პოლიტიკური დევნის კამპანია, უგულავას დაკავება, ჩვენი შეფასებით, ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას, ნიშნავს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრულიად დემონსტრატიული ფორმით არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე დაეკავებინა “ნაციონალური მოძრაობის” საარჩვენო შტაბის ხელმძღვანელი და კამპანიის უფროსი და ამით ყველასთვის გაეგზავნა ნათელი მესიჯი, რომ ხელისუფლებისთვის მისი ანგარიშსწორების გარდა არ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი დღის თემა, მათ შორის არც არჩევნები, მათ შორის არც არჩევნების მეორე ტური და არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით თუ რა ფორმით მოხდა გიგი უგულავას დაკავება, შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა თუ არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისე მოიქცევა, როგორც აწყობს.
“გუშინდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოხატა თავის დამოკიდებულება, რომ თუ არ მოეწონება სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ იმოქმდებს ისე, როგორც სურს. სხვანაირად ვერ შევაფასებთ ამ ფაქტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 12 საათში პროკურატურამ სასამართლოს საწინააღმდეგოდ მოახდინა უგულავას დაპატიმრება. ეს ხდება არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე, იმ მეორე ტურამდე, სადაც უნდა გადაწყდეს ვის აირჩევს თბილისის მოსახლეობა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი დაკავების ფორმა და შინაარსი ძალიან შემაშფოთებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
“მეორე საკითხია ძალადობა, რომელიც იხილეთ სასამართლოს შემდეგ, რომელიც იყო პროვოცირებული და რომლის ესკალაციასაც ახდენდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები და თუ აქამდე ჩვენ საქმე გვქონდა შემთხვევებთან, როდესაც ძალადობას ხელისუფლების სახელით ახორციელებდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, თვითმმართველობის თანამშრომლები, გუშინ ვიხილეთ შემთხვევა, როდესაც ამ ძალადობაში პირდაპირ იყო ჩართული შსს-ს გარკვეული დანაყოფები, პირველ რიგში ეს ეხება სუს-ს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატის დაკავება კონსტიტუციის დარღვევაა.
“ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ ადამიანების დაჭერას, ვინც პარლამენტის წევრს ყველას თვალწინ უსწორდება, სცემს და აპატიმრებს. ეს იყო კიდევ ერთი ზღვრის გადალახვა, როდესაც სახელმწიფომ, შსს-მ ღიად მოახდინა ძალადობის ესკალირება და ოპოზიციის წინააღმდე ძალის გამოყენება. მიმაჩნია, რომ გუშინდელი დღე იყო უკან გადადმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გუშინ ხელისუფლებამ მოახდინა იმის ჩვენება, რომ საზოგადოებას სთავაზობს მეტ დაპირისპირებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს. პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობიზლიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია. სწორედ ამ ინციდენტის შედეგად დააკავეს რვა პირი.
05.07.14