საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურიის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოსვენება 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.
სამთავრობო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ნინო კობახიძე.
08.07.14