საქართველო უძველესი მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზაზე შექმნა საერო და სასულიერო მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები. 2001 წელ კი, იუნესკომ ქართული ფოლკლორი აღიარა „მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედეგად“, რომელშიც გაცხადებულია ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგია და გამომგონებლობა. დღესდღეობით, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლოს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი, მათი თვალსაჩინო წარმომადგენელია ანსამბლი „თსუ – გორდელა“,რომელიც უკვე შვიდი წელია თავის მსმენელს ანებივრებს თანამედროვეობასთან მორგებული ფოლკლორით, მათ აქვთ სოლო კონცერტები, საზღვარგარეთ ტურნეები, ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალში, სადაც ასევე ამ ფესტივალის გამარჯვებულები არია. გოგონათა ანსამბლის ცხრა წლიანი ისტორიის, ანსამბლის წევრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „თბილისი თაიმსს“ „გორდელას“ წევრი, ვოკალისტი თამარ ალადაშვილი ესაუბრა.
- მოგვიყევით „გორდელას“ შესახებ, როგორია მისი შექმნის ისტორია?
„გორდელა“ ეს იყო ჩვეულებრივ გოგონათა ანსამბლი, რომელიც დაარსდა მეორე სამუსიკო სკოლის სასწავლო ბაზაზე, მაშინ წევრი არ ვიყავი და მე და რამდენიმე გოგო მოგვინებით შევემატეთ მათ. ჩვენს ხელმძღვანელს, შესანიშნავ პიროვნებას, ბატონ თამაზ მამალაძეს ჰქონდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ბიჭების ანსამბლი „ხორუმი“, ერთხელ მათთან ერთად, სარეპეტიციოდ მიიყვანა გოგონები და მაშინ, ბატონ თენგიზ ყურაშვილს, რომელიც კულტურის დეპარტამენტში მუშაობდა დაებადა იდეა, რომ შეექმნათ გოგონათა ანსამბლი. მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების რვა სტუდენტი გოგონა იყო გაერთიანებული. ასე დაარსდა „გორდელა“ და მისი ისტორიაც 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
- როგორ შეიკრიბეთ ანსამბლის წევრები?
როგორც აღვნიშნე, პირველ „გორდელას“ რამდენიმე წევრის წასვლის შემდეგ აღმოვჩნდით ჩვენ ანსამბლში. შევეცდები მაშინდელი ანსამბლის წევრების სახელებისა და გვარების დასახელებას, ამ გოგოებს დიდი წვლილი მიუძღვით „გორდელას“ ჩამოყალიბებაში, მის განვითარებაში. მაგდა ჟორჟოლიანი, ნინო აბულაძე, მარიამ კეკენაძე, მათ რიგებში იყო ჩემი და, ნინო ალადაშვილი და თეონა, რომელიც კონტრაბასზე უკრავდა, სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს. შემდგომ ნატალია ბაბაშვილმაც დაგვტოვა ოჯახური პირობების გამო, გათხოვდა და სამწუხააროდ, ვეღარ ესწრებოდა რეპეტიციებს, კონცერტებს. ისე მოხდა, რომ სულ პირველი „გორდელას“ წევრებს ანი გულედანს, თეა ქირიას, ქეთა კვირკელიას შევუერთდით ჩვენ, შინაურები. თავდაპირველად, საცდელად მივედით გვინდოდა ჩვენი თავი გამოგვეცადა ერთობლივად ანსამბლში და ისე მოხდა, რომ დავრჩით და ერთად ვართ დღემდე.
- თუ გაქვთ სხვა პროფესია გარადა იმისა,რომ მღერით „გორდელაში“?
ჩვენი ანსამბლის წევრებს შორის, მხოლოდ სოფო ქირიაა მუსიკოსი. ჩვენ, დანარჩენები კი სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები ვიყავით, ბიზნესი, ეკონომიური, ესენი დავამთავრეთ თუმცა არცერთს არ გვიმუშავია საკუთარი პროფესიით, რაც ბუნებრივია რადგან „გორდელამ“ ჩვენი ცხოვრება ძალიან სასიამოვნოდ შეცვალა. ჩვენ გვყავს მოსწავლეები, ვმართავთ მათთან ერთად კონცერტებს, ვწერთ სიმღერებს და ახალ თაობასთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს.
პირადად მე, მყავს ანსამბლი „თორდა“, ბიჭებიც არიან ჩემს ანსამბლში და გოგონებიც, ყველაზე პატარა მოსწავლე 5 წლისაა და ყველაზე დიდი კი – 27 წლის მე თვითონ 24 წლის ვარ. ახლა გახარებულები ვართ, რადგან ჩავწერეთ სიმღერა რომელსაც რადიოს მსმენელი ძალიან მალე მოისმენს.
- რას იტყვით თქვენს ხემძღვანელზე, ბატონ ვლადიმერ (თამაზ) მამალაძეზე, როგორია მასთან ურთიერთობა და არის თუ არა, ის კრიტიკული თქვენს მიმართ?
ბატონი თამაზი, რა თქმა უნდა, ყოველთვის კრიტიკულია ჩვენს მიმართ, ეს ასე, რომ არ იყოს „გორდელა“ არ იქნებოდა ის, რაც ახლა არის. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, უკვე რამდენი წელია ის ჩვენ გვერდით დგას, დაუღალავად შრომობს ჩენთან ერთად იმისთვის, რომ გვქონდეს კარგი შედეგი და გამოგვივიდეს ყველაფერი ძალიან კარგად. ბატონ თამაზზე ყველაფერი კარგის თქმა შემიძლია, ის არის უნიჭიერესი ადამიანი, მან ყველა საკრავზე იცის დაკვრა, რაზეც კი „გორდელა“ უკრავს. ჩვენ კი 20–ზე მეტ საკრავს ვიყენებთ, რომელთა უმრავლესობაზეც დაკვრა მხოლოდ ერთეულებმა იციან. ბატონმა თამაზმა თავად გააკეთა ერთ–ერთი ასეთი – ლარჭემი. ასევე ვუკრავთ სიმებიან ფანდურზე, ჩონგურზე, ჭუნირზე, ჩანგზე, ჩასაბერ – სალამურზე, ჭიბონზე, დასარტმელ–დოლზე, დაირასა და გარმონზე.
- რას მოიცავს ძირითადად ანსამბლის რეპერტუარი?
ანსამბლის რეპერტუარი მელოდიების ფართო სპექტრს მოიცავს. ჩვენს მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკა არანჟირებულია ანსამბლის ხემლძღვანელის, ბატონი თამაზის მიერ. ჩვენ ვასრულებთ მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს, როგორიცაა ა–კაპელა, ინსტრუმენტების თანხლებით. ტრადიციულის გარდა, ვმღერით ჯაზის სტილშიც, ვცდილობთ, რომ სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. ვაკეთებთ სხვადასხვა ექსპერიმენტს, ახლა ახალი დისკი იწერება სტუდია „ბრავო რეკორდში“ და სულ მალე შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ მსმენელს და იმედია მოეწონებათ ჩვენი, ახალი ექსპერიმენტი – დღევანდელობასთან მორგებული ფოლკლორი.
ჩვენ ყველა სიმღერა გვსიამოვნებს და სიხარულს გვანიჭებს, თუ არ სიამოვნებს „გორდელას“ – არც მღერის და ალბათ, კონცერტებზე, ვიდეოებშიც გვეტყობა, რომ ყველა სიმღერა სიხარულს და ბედნიერებას გვგვრის. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან გვიყვარს. რაც შეეხება, კონტრეტულად საყვარელი და გამორჩეული სიმღერის დასახელება მიჭირს, თუმცა შემიძლია დაგისახელოთ ბატონი თამაზის საყვარელ სიმღერა, რომელსაც ყველა კონცერტზე გვამღერებს, ეს არის ქალბატონი ლელა თათარაიძის „სახუმარო საპატარძლო“.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ანსამბლის ასეთი პოპულარულობა, რა აქვს „გორდელას“ ისეთი, რითიც გამორჩეულია სხვა მუსიკალური ანსამბლებისგან, რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი?
ალბათ, იმან რომ „გორდელა“ არ შეუშინდა სირთულეებს, არ დაუკლია შრომა, ღიმილი, სითბო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ბევრი გვესწავლა, გვემუშავა და სიახლეები შეგვეთავაზებინა მსმენელისათვის. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ მხიარულები, ბედნიერები, ღიმილიანები, ეს ყველაფერი მოგეხსენებათ არის გაცვლითი, ჩვენ ამას გავცემთ და ვიღებთ იმავეს მსმენელისგან. ეს კი გვაძლევს მეტ მოტივაციას, სურვილს, რომ ვიყოთ უფრო კარგები, გამორჩეულები და განსხვავებულები.
- გაქვთ თუ არა საზღვარგარეთ ტურნეები და რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნე „გორდელასთვის“?
ჩვენ გვქონდა ტურნეები საფრანგეთსა და ლიტვაში. ლევილში გაიმართა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, სადაც აქტიური მონაწილეობა მივიღეთ. სულ ჩავატარეთ ორივეში ერთად ექვსი კონცერტი. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ, უფრო პარიზი იყო. ჩვენ ვიყავით გადანაწილებულები ქართველი ემიგრანტების ოჯახებში, საიდანაც წამოვიღეთ უდიდესი სითბო, სიყვარული და მონატრება საქართველოში.
- როგორ შეაფასებთ, დღესდღეობით, საქართველოში ფოლკლორულ ანსამბლებს, იქმნება თუ არა სიახლეები, რამდენადაა სახელმწიფოს ხელშეწყობა ფოლკლორული მუსიკის განვითარებაში?
ვერ გეტყვით, მე ვერ შევაფასებ, ალბათ უფრო უკეთესია, რომ შეაფასოს თავად მსმენელმა. დღეს ყველას გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს და გვსიამოვნებს. ბევრი ფოლკლორული ანსამბლია, რომელსაც ჰყავს თავისი მსმენელი და ჩვენ, ყველას ერთად დიდი წვლილი შეგვაქვს ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებაში. გარდა ამისა, დღეს ბევრი საშუალებაა იმისა, რომ ჩავწეროთ სიმღერები და შემდგომ მსმენელს მოვასმენინოთ, შევაფასებინოთ, რაც მეტ მოტივაციას გვიქმნის
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები თავად ანსამბლის შემადგენლობაში?
ბევრი გვეკითხება სამომავლო გეგმების შესახებ და ყველას ვეუბნებით, რომ ეს იქნება სიურპრიზი, თქვენ კი – ასე ვთქვათ, მინიშნებას გეტყვით – ძვირფასო მსმენელებო, სექტემბრის თვეში დაელოდეთ ბევრ, ახალ და ძალიან კარგ ამბავს!
10.07.14
ნათია კეკენაძე