ახლო აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. ისრაელის არმიამ “ჰამასის” გვირაბებსა და იმ სახლებზე, სადაც, სავარაუდოდ, “ჰამასის” მებრძოლები იმალებიან, ავიაიერიში მიიტანა. სულ 600 რაკეტა გაუშვეს.
გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორში დაიღუპა 50 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია. 500-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია.
გვიან საღამოს ისრაელის თავდაცვის უწყებამ სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა, თუმცა მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. განცხადებას გაერო-ს გენერალური მდივანი აკეთებს. პან გი მუნის თქმით, მდგომარეობა ღაზის სექტორში უმძიმესია და შესაძლოა, ის კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. გაერო-ს გენერალური მდივანი “ჰამასს” ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შეჩერებას, ისრაელს კი თავშეკავებულობას სთხოვს.
განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. ტრადიციულ, ყოველდღიურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მხარეებს მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.