ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ბათუმში , ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა პოლონეთის სეიმის მარშალთან ბოგდან ბორუსევიჩთან.
როგორც “თბილისი თაიმსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ასოცირების შეთანხმების შემდეგ რეფორმების განხორციელებისა და ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და მათი დახმარების მნიშვნელობა.
პოლონურმა მხარემ მზაობა გამოთქვა აღნიშნულ საკითხებში დახმარებისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა საქართველოს საექსპორტო სექტორის განვითარების მნიშვნელობა.
კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეხვდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანდრის პილდეგოვიჩს.
ლატვიურ მხარესთან საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები იყო. განსაკუთრებით აღინიშნა უელსის სამიტისათვის მზადების პროცესი და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის მომზადებული პაკეტის შინაარსობრივი მხარე. ანდრის პილდეგოვიჩმა თავის მხრივ, აღნიშნა ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა და დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მნიშვნელობა და იმსჯელეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებისა და საქართველოს მიერ ამ პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ლატვიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფა საქართველოსთვის საექსპერტო დახმარების თაობაზე.
შეხვედრებზე პოლონურმა და ლატვიურმა მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს.
11.07.14