ყველანაირი ფორუმი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოყენებულია ხოლმე სხვა პოლიტიკური განცხადებებისთვის , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები – ჩიორა თაქთაქიშვილი და სერგო რატიანი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ აკეთებენ მთავრობის წევრები აქცენტს ასოცირების შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ სამართალდამცველ სტრუქტურებს ეხება.
სერგო რატიანმა, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადების პასუხად, რომ უწყების დეპოლიტიზირების მიზნით მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული, გიგი უგულავას სასამართლო სხდომის შემდეგ, სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
“როდესაც ვსაუბრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ დეპოლიტიზაციაზე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ შსს-ში არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მოწოდებული არიან იმისკენ, რომ შეასრულონ პოლიტიკური დონის ნებისმიერი დავალება. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა გიგი უგულავას სასამართლოს შემდეგ ეზოში განვითარებული მოვლენებისას, როდესაც ჩვენ დავინახეთ, ერთი მხრივ, პოლიციელები, რომლებიც უზადოდ მუშაობდნენ (ძირითადად პატრული), მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ”, – აღნიშნა სერგო რატიანმა, თუმცა პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა იმ მოტივით, რომ ეს თემა არ არის კავშირში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან.
“ეს სწორედაც რომ კავშირშია ასოცირების შეთანხმებასთან. მარტო ქებათა-ქება თუ გნებავთ, სხვა საკითხია”, – დასძინა სერგო რატიანმა.
საბოლოო სიტყვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მომხსენებელს, მაია ფანჯიკიძეს მიეცა.
“მესმის, რომ ყველანაირი ფორუმი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოყენებული არის ხოლმე სხვა პოლიტიკური განცხადებებისთვის. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი უკლებლივ მხარს ვუჭერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ევროპასთან დაახლოებას, მიუხედავად განსხვავებებისა სხვა საკითხებზე. ეს დოკუმენტი იმსახურებს იმდენ პატივისცემას, რომ ჩვენს დებატებში კონცენტრაცია მოვახდინოთ სწორედ მის შემადგენელ ნაწილებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის სამოქმედო გეგმა. გეგმა ნიშნავს, რომ იქ რაც წერია, ყველაფერი განხორციელებული არ არის, პირქით ახლა იწყება ყველაფერ ამაზე მუშაობა. ეს არის დიდი პროცესი. აბსოლუტურად ყველა სიტყვა, რომელიც არის ამ შეთანხმებაში, არის შეთანხმებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სადმე არის მითითებული, რომ რაღაც არის გასაუმჯობესებელი, ამას საქართველოს მთავრობა 100%-ით ეთანხმება. სწორედ ამაშია ასოცირების ხელშეკრულების მთელი ხიბლი, რომ იგი დაგვეხმარება, ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის ყველა წევრი დადებით ხმას მისცემს ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების რატიფიკაციას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის გატანას მხარი დაუჭირეს.
17.07.14