უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეძლო დაეფიქსირებინა ტერორისტების საუბარი, სადაც ისინი ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავის შესახებ საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის გამოკვლევის შემდეგ, ტერორისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამას მოწმობს “მაიორისა” და “გრეკს” შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
“უნიანის” ინფორმაციით, ამ საუბრის დროს “მაიორმა” აღნიშნა, რომ თვითმფრინავი “ჩერნუხინსკებმა” ჩამოაგდეს, “ჩერნუხინსკის ბლოკპოსტიდან”. მისი თქმით, თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პეტროპავლოვსკის მაღაროს რაიონში, მისი ნამსხვრევები კი პირდაპირ ეზოებში იყრებოდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ის აზუსტებს: “მოკლედ, ნამდვილად სამოქალაქო ბორტი იყო”. “გრეკის” კითხვაზე, იყო თუ არა ბორტზე შეიარაღება, “მაიორი” პასუხობს, რომ საერთოდ არავითარი. მხოლოდ სამოქალაქო: ნივთები, პირსახოცები, ტუალეტის ქაღალდები.
რამდენიმე ხნის შემდეგ შედგა კიდევ ერთი “ბოევიკის” დონელ ატამან ნიკოლაი კოზიცინთან საუბარი. “ეს ჩამოგდებული თვითმფრინავი, რომელიც სნეჟნოვოს რაიონში ჩამოვარდა – ტორეზაში, აღმოჩნდა სამგზავრო. ჩამოვარდა გრაბოვოს რაიონში, იქ გვამების ზღვაა, ბავშვები, ქალები. ახლა იქ კაზაკები ყველაფერს ათვალიერებენ”. “ბოევიკის” კითხვაზე, რა უნდოდა მალაიზიის ავიახაზებს უკრაინის ტერიტორიაზე, კოზიცინი პასუხობს: “ესე იგი ჯაშუშები შემოჰყავდათ, არ ვიცი. რას დაფრინავენ … (აქ უცენზურო სიტყვა იგულისხმება), რა დროს ფრენაა, ახლა ომი მიმდინარეობს”.
ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის მალაიზიური “ბოინგი” უკრაინის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ 777” ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
18.07.14