ეთნოგრაფიულ მუზეუმში 20-27 ივლისს ფესტივალ “არტ-გენის” შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, “არტ-გენთან” დაკავშირებით დღეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც “არტ-გენის” ორგანიზატორები და ფესტივალის პარტნიორები ფესტივალის წლევანდელ პროგრამას წარადგენენ.
ტრადიციულად “არტ-გენის” მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიაა.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფები. ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ტრადიციული კულინარიული კუთხე და კვების ობიექტი.
სამინისტროს განცხადებით, ფესტივალი არტ-გენი უკვე მე-11 წელია წარმატებით ტარდება ჯგუფ “არტ-გენი”-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფესტივალის გენერალური სპონსორია: “ბანკი კონსტანტა”; ფესტივალის პარტნიორები: სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
18.07.14