ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი და თემატური ქვე-კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ პარლამენტის სხდომაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოხსენებისას განაცხადა.
“შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სიახლეებს იმპლემენტაციის მონიტორინგის ინსტიტუციონალური მექანიზმის თვალსაზრისით. კერძოდ, შეიქმნება ასოცირების საბჭო, მინისტრების დონეზე; ასოცირების კომიტეტი, მინისტრის მოადგილეების დონეზე, და თემატური ქვე-კომიტეტები, საჯარო მოხელეების დონეზე. ასევე, გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს ასევე ეძლევა შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო ასოცირების ქვე-კომიტეტები”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს.
“ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმებს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული სტანდარტები და საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გონივრული ვადების შესაბამისად.
ამ მიზნით, საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს სპეციალური დოკუმენტი – “ასოცირების დღის წესრიგი”, რომელიც წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის იმპლემენტაციისთვის”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას გაუწევს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედოგეგმის შემუშავებასა და იმპლემენტაციას.
“როგორც ხედავთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ვალდებულებებისა და შესაძლებლობების ნაკრებია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან პროგრესული დაახლოება, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებასთან. საქართველო ამ პროცესში მარტო არ არის. ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, სხვა საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მასშტაბურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ რეფორმების განხორციელებაში, რიგი ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებით, მათ შორისაა როგორც ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. ეს გზა უკვე გაკვალულია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამ პროცესის წარმატებაში, ვინაიდან სახეზეა იმ ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, რომელთაც შეთანხმება დაეხმარა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და მოგვიანებით, ხელი შეუწყო მათ ევროკავშირში გაწევრიანებას”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად, წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.
მაია ფანჯიკიძემ პარლამენტარებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტი მთლიანად განსხვავდება ყველა იმ ხელშეკრულებებისაგან, რომლებზეც აქამდე უმუშავიათ.
“ეს შეთანხმება არ არის უბრალოდ ორ საერთაშორისო სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ეს არის ქართველთა ეროვნული იდეის – საქართველოს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი და იგი ევროკავშირისკენ მიმავალი საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისია. ამ აზრს იზიარებენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები – მხედველობაში მყავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზო, ასევე ევროკომისარი შტეფან ფულე და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომელთაც საქართველოში ვიზიტისას დააფიქსირეს მხარდამჭერი პოზიციები. ევროკავშირთან ასოცირების პროცესი არის ჩვენი ინვესტიცია მომავალში, რათა მომავალ თაობებს გარანტირებული ჰქონდეთ ღირსეული აწმყო და მომავალი ერთიან, დემოკრატიულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში – ქვეყანაში, რომელმაც განვითარების ევროპული გზა აირჩია. ჩემთვის უდიდესი პატივია, გთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს ქართველი ხალხის სახელით მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”, -განაცხადა მაია ფანკიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
18.07.14
Discussion about this post