ცხელი სეზონი თანდათან იკრეფს ძალებს და ყველა ცდილობს ზაფხული სასიამოვნო გარემოში გაატაროს, გაგრილდეს და კომფორტულად დაისვენოს.
”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია, თუ რა ფასად შეძლებთ დასვენებას საქართველოს საზღვაო კურორტებზე არსებულ სასტუმროებში და რა მომსახურებას მიიღებთ მათგან.
გამოკიკითხა – ბათუმიში, ქობულეთიში, ანაკლიაში, კვარიათში და ურეკში არსებული 6 სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ სასტუმროთა მეპატრონეები ტურისტების რაოდენობას არ უჩივიან, თუმცა ერთხმად აღნიშნავენ, რომ დამსვენებელთა ნაკადი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და იგივე რჩება.
„ერა პალასი“ – ბათუმი : „ტურისტების ნაკადის აქტიური შემოსვლა ივლისის ბოლოდან, ფიქსირდება. ტურისტული სეზონი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმში არაპროგნოზირებადი ამინდია, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ კარგი ამინდები იქნება. ჩვენთან ნომრების ღირებულება იწყება 180 ლარიდან და 350 ლარამდე ადის, ღირებულებაში სასტუმროს ნომრის გარდა შედის მხოლოდ საუზმე. მოთხოვნა მაღალია, რამდენიმე ნომერი აგვისტოში წინასწარ არის დაჯავშნული. კონკურენცია ძალიან მაღალია, თუმცა ჩვენს სასტუმროში მომსახურება და გარემო, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს ძალიან მოსწონთ, ამიტომ ბევრ სხვა სასტუმროს ვუწევთ კონკურენციას. ჯერჯერობით როგორც შარშან, ტურისტების რაოდენობა არ გაზრდილა.”
„მარტინი“ – კვარიათი: „აქტიური სეზონი დაიწყო 20 ივნისს. დღესდღეობით ძალიან აქტიურად შემოდიან ტურისტები, სეზონი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სტანდარტული ნომრის ღირებულება იწყება 90 ლარიდან და 150 ლარამდე მერყეობს, ამ ფასში შედის საუზმე. მოთხოვნა ძალიან მაღალია, აგვისტოში ფაქტობრივად ნახევარი სასტუმრო დაჯავშნულია, ივნისის პირველი რიცხვებიდან ფასდაკლების საიტებს ვიყენებთ ინტენსიურად, ძირითადად hotsale.ge-ს, ამ საიტის მენეჯერის დახმარებით ძალიან გაიზარდა გაყიდვები. განსხვავებული სერვისი რაც ”მარტინს” აქვს, არის საცურაო აუზი მხოლოდ ჩვენი სასტუმროს დამსვენებლებისთვის. წელს საგრძნობლად იმატა უკრაინიდან და რუსეთიიდან შემოსულ ტურისტთა რიცხვმა, გაზრდილია ასევე ქართველ დამსვენებელთა რიცხვი.”
”ოქროს საწმისი“ – ანაკლია: ”საზღვაო სეზონი ივლისის დასაწყისიდან დაიწყო. ნომრის ღირებულება 150 ლარიდან იწყება, ფასში შედის საუზმე. სასტუმრო განთავსებულია მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან. სასტუმროს აქვს ელეგანტური დიზაინი და მყუდრო გარემო. ოქროს საწმისის რესტორანი სტუმრებს სთავაზობთ ქართულ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს, სანაპიროზე არსებული ჩინური რესტორანი კი აზიური კერძების ფართო არჩევანს. მოთხოვნა ძალიან მაღალია, აგვისტოში სასტუმრო 100 %-ით დაჯავშნულია. ”
ელდორადო – ქობულეთი: ”სეზონი ივლისის დასაწყისიდან გაიხსნა და ჯერ კიდევ იკრეფს ძალებს, ყველაზე აქტიური და ცხელი სეზონი არის აგვისტო. ქობულეთში ამინდი არაპროგნოზირებადია. აგვისტოში სტანდარტული ნომრის ღირებულება 50 ლარია, კეთილმოწყობლი ნომრით, ყველანაირი პირობებით, ეზოში არის ფანჩატური-სამწვადე, რესტორანში ცოცხალი მუსიკა. ფასში არ შედის საუზმე. მოთხოვნა მაღალია, რამდენიმე ნომერი აგვისტოში წინასწარაა დაჯავშნული, მყავს დამსვენებელთა სეგმენტი, რომელიც ყოველწელს ჩვენს სასტუმროს აკითხავს. კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. ”
სავანე – ქობულეთი: ”ტურისტების აქტიური შემოსვლა დაიწყო ივლისის პირველი რიცხვებიდან და ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს სეზონი. სტანდარტულ ნომერში ერთი ადამიანის ფასი 45 ლარს შეადგენს. სასტუმროში არის ყველანაირი პირობები, არის საბავშვო აუზი, გამწვანებული ეზო და კაფე. სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმე. მოთხოვნა ძალიან მაღალია, დამსვენებლებში კი ჭარბობს უცხოეული ტურისტები, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, ნომრის ღირებულება, ქართველი დამსვენებლისთვის ძალიან მაღალია. მთელი სეზონი ჯერ წინაა თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. ”
ევკალიპტი – ურეკი : ”ტურისტული სეზონი ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. ყველზე აქტიური თვე არის აგვისტო, სეზონი კი სექტემბრის ბოლოს დამთავრდება. ჩვენ ხელმისაწვდომ ფასებში ვთავაზობთ კლიენტებს სასურველ მომსახურეობას, სასტუმროს ნომრის ფასი ერთ ადამიანზე არის 50 ლარი დღეში, ფასში არ შედის საუზმე, თუმცა მოქმედებს კვების ბლოკი და ბარი, სადაც მზარეულები იღებენ შეკვეთებს, დამსვენებლებს შეუძლიათ გაერთონ მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა გასართობი საშუალებებით. მოთხოვნა მაღალია, აგვისტოში რამდენიმე ნომერი წინასწარ არის დაჯავშნილი. ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. ”
18.07.14
ნინა პირტახია