პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს, – ამის შესახებ პრემიერმა “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა და ამ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა.
“მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილება დარჩენილ წევრებში მოტივაციას გაზრდის.
“ეს ცვლილება კარგი პროცესია, ის გამოიწვევს დანარჩენ მინისტრებში მოტივაციის გაზრდას. ვფიქრობ, მთავრობა იქნება მეტად ეფექტური”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
24.07.14