ნამდვილად არ მივიღებ იმას, რომ ვინმემ შემახსენოს რა უნდა გავაკეთო მოსამართლეთა დასაცავად, – ასე პასუხობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ყოფილი შს მინისტრის, იური ლუცენკოს მიერ ქართველი მოსამართლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “შეურაცხმყოფელს” უწოდებს.
პრემიერმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მომხდარზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს რეაგირება არ მოუხდენია.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ისიც გაოცებულია ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით, რომელსაც ერთ-ერთი მინისტრის მიერ მოსამართლის მიმართ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონია.
“მეც ძალიან გაოცებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით მაშინ, როდესაც მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი მინისტრი გამოდის და მოსამართლეების მიმართ პირადაპირ ზეგავლენას ახორციელებს პირდაპირი ეთერით. ძალიან გაოცებული ვარ, რატომ არ გამოდის ის და არ ამბობს, რომ ეს არის პირდაპირ გავლენის მცდელობა მოსამართლეებზე და ასეთი რამ ყველა ქვეყანაში არის დასჯადი. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მოსამართლეების მიმართ საფრთხის შემცველი ყოველთვის არის ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ ასახელებენ სახელებსა და გვარებს და ამბობენ, რომ ისინი არ მოსწონთ და არ უნდა იყვნენ მოსამართლეები. აი, ასეთ დროს უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, არ იყოს პასიური და თქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ასეთი კომენტარი არის პირდაპირ ზეგავლენის მცდელობა მოსამართლეთა წინააღმდეგ”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა და განმარტა, რომ მინისტრში, რომელიც ახსენა, თეა წულუკიანს გულისხმობდა.
რაც შეეხება უშუალოდ ლუცენკოსთან დაკავშირებულ ფაქტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, ის მოსამართლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
“რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, ეს არ არის საფრთხის შემცველი მოსამართლისთვის, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი ავყია ადამიანი დადის სასამართლოში, აკეთებს თავის განცხადებას და ეს მოსამართლეებისთვის უცხო არ არის. ამ შემთხვევაში მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, რომ პირი დააჯარიმოს ან დარბაზიდან გააძევოს, თუკი ის ადგება და რაღაცას იტყვის. ამიტომ ეს ფაქტი არავითარ საფრთხეს არ ქმნის და რიგითი რამ არის, რასთან გამკლავებას თავად მოსამართლეები შეძლებენ და მოუღებენ ბოლოს. ისეთ დროს კი არ სჭირდება მოსამართლეებს დაცვა, როცა თვითონ აქვთ უფლებამოსილება დაიცვან საკუთარი თავი ერთი ბრძანებით, არამედ მთავარი აქ არის სწორედ ის, რომ არ გაგრძელდებს ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი თავდასხმები მოსამართლეთა მიმართ. ნამდვილად არ მივიღებ იმას, რომ ვინმემ შემახსენოს რა უნდა გავაკეთო მოსამართლეთა დასაცავად”, – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ყოფილი შს მინისტრის, იური ლუცენკოს მიერ ქართველი მოსამართლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “შეურაცხმყოფელს” უწოდებს. “პირადად ჩემთვის ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო. მას არ აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის, სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში”.
პრემიერმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამოც, რომ მომხდარზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს რეაგირება არ მოუხდენია. “მე საერთოდ გამაოცა კოტე კუბლაშვილის პასიურობამ ამ მიმართულებით. მას უნდა დაეცვა მოსამართლე, ეს იყო მისი პირდაპირი ვალდებულება. ძალიან საეჭვოა, რატომ არ გააკეთა შესაბამისი რეაგირება. მე მოვთხოვე რეაგირება საგარეო საქმეთა მინისტრს და შს მინისტრსაც მივმართე, გამოიკვლიონ ის საფუძვლები, თუ როგორ იმყოფებოდა ეს ადამიანი სასამართლო დარბაზში”, – აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინის ყოფილი შს მინისტრის განცხადებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და ვანო მერაბიშვილის პროცესს ესწრებოდა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს უფრო ეშინია ვანო მერაბიშვილის, ვიდრე მერაბიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილების.
24.07.14