უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან გუშინ, უმაღლესი რადას სხდომაზე განაცხადა.
“თანამდებობას ვტოვებ იმის გამო, რომ რადაში კოალიცია დაიშალა და სამთავრობო კანონპროექტების ბლოკირება ხდება”, – განმარტა იაცენიუკმა.
თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში პრემიერ მინისტრს მოქმედების ორი ვარიანტი აქვს. პირველი, მისი თქმით, ახალი კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებაა. “ეს ნიშნავს, რომ პრემიერმინისტრმა კოალიციაში კომუნისტებიც უნდა შეიყვანოს და რეგიონალებიც. ამას კი არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ”, – განაცხადა იაცენიუკმა. მეორე ვარიანტი, მისივე თქმით, პრემიერისა და მთავრობის გადადგომის გამოცხადებაა.
გუშინ უკრაინის საპარლამენტო ფრაქციებმა “უდარმა” და “სვობოდამ” საპარლამენტო კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. 30 დღის განმავლობაში თუ ახალი კოალიცია არ შეიქმნება, უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები სამი თვის ვადაში – 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
25.07.14
Discussion about this post