საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს 11:00 საათზე მოწმის სტატუსით მთავარ პროკურატურაში, დაკითხვაზეა დაბარებული. ცნობილია, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
„დაკითხვაზე გამოცხადებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია. ვინაიდან, თავად ეს დაკითხვა სამართლებრივ შინაარსს არ ატარებს. ამბობენ, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომ აქვთ სამხილები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ამიტომ გადაწყდა მისი მოწმის სახით დაკითხვა. ადგილი აქვს ფარისევლობას – თუ აქვთ სამხილები, მაშინ უნდა წარუდგინონ მას ბრალი, სამხილები ვის წინააღმდეგაც გაქვს, ის მოწმის სტატუსით არ უნდა დაიბარო, იმიტომ, რომ კანონი არ იცნობს მოწმის დაკითხვას მის საქმეზე“,-აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე.
უწყება ექსპრეზიდენტის დედას გიული ალასანიას 27 ივლისს გვიან ღამით გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ იმყოფება.
ცნობისთვის, პირველად დაკითხვაზე სააკაშვილი 27 მარტს დაიბარეს. უარის მიღების შემდეგ კი პროკურორებმა ყოფილ პრეზიდენტს Skype-ით დაკითხვა შესთავაზეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს. მაშინ გამომძიებლებს კითხვები 10 საქმეზე ჰქონდათ.
28.07.14