თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე “გალფის” ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ.
მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 000-2 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. როგორც თემურ გიორგაძემ აღნიშნა, საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა; დამწვარია ღობეები და ავტოფარეხები. ხანძარი ასევე გადაედო “გალფის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიებსა და მეორად ავტომობილებს.
თემურ გიორგაძის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავებულია მხოლოდ ერთი პირი. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ორი მეხანძრეს.
მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელის ცნობით, ტერიტორიას ყურადღების მიქცევა უნდა და 15 წუთში ერთხელ შემოვლა დასჭირდება, რის გამოც ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა დარჩება.
“გალფის” ნავთობაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11.00 საათზე გაჩნდა.
30.07.14