სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპატრიარქოში უმასპინძლა და დალოცა.
გავრცელებული ინფორმაციით „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ კვირას, 10 აგვისტოს, სამების საკათერდო ტაძრის ეზოს ესტუმრება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა წიგნები აჩუქოს ბიბლიოთეკას.
შეგახსენებთ, რომ “წიგნი ყველა სოფელს” – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის’’ და „წიგნის მეგობრების’’ ინიციატივით განხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის,„ვისოლ ჯგუფის“, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „პალიტრა L”-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლებისსასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში 1 აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, „დავითიანნის“ ოფისებში რუსთაველის გამზ. # 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წიგნების დახარისხების შემდგომ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.„მოსიარულე ბიბლიოთეკა“ სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.
„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებასაც ისახავს მიზნად.
09.08.14