საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრები 73:62 დაამარცხა.
მთელ თამაშში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ჩეხეთის ნაკრების კარგი თამაშის გამო იგორ კოკოშკოვის გუნდს გაუჭირდა. მთლიანობაში მატჩი დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს ნაკრებში ქულები შემდეგმა კალათბურთელებმა მოაგროვეს: ზაზა ფაჩულიამ 19 ქულა, დუდა სანაძე – 10, თორნიკე შენგელია – 10, გიორგი ცინცაძე – 10, ვიქტორ სანიკიძე – 8, ლევან ფაცაცია – 7, ბექა ბურჯანაძე – 6, ბესიკ ლეჟავა – 3. ჩეხეთის ნაკრებიდან კი 18 ქულით პატრიკ აუდა და 16 ქულით ლუბოშ ბარტონი გამოირჩეოდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დღევანდელი მატჩი დადებითად შეაფასა.
“ვიბრძოლეთ ბოლომდე და ამ ბრძოლის შედეგად დავამარცხეთ ჩეხეთის ნაკრები. მართალია სხვაობა დიდი არ არის, თუმცა გავიმარჯვეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ თამაშები წინ გვაქვს და ამ რთული ეტაპიდან უნდა გავიდეთ”, – განაცხადა ფაჩულიამ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს უნგრეთთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის აქამდე გამართულ 6 მატჩში ქართველებმა მხოლოდ ერთში მოიგეს.
10.07.14