საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავით კირვალიძესთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას არ იზიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალასანიამ განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დანარჩენ ნაწილში მთელი მთავრობა იზიარებს იმას, რაც წერილშია დაფიქსირებული.
“ძალიან სწორი ფორმაა, როცა ღიად და გულწრფელად წერს ქვეყნის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იმ სახელმწიფოს სენატორებს, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი უნდათ და კონკრეტულ საკითხებზე აქვთ შეკითხვები. ეს არის აბსოლუტურად სწორი ფორმა და, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიზიარებთ იმას, რაც წერილშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ეხება ბატონ კირვალიძეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი სენატორებისთვის მიწერილ წერილში კანონის უზენაესობის აღსადგენად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მაგალითები მოიყვანა.
“ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი – ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში”, – წერს ღარიბაშვილი.
12.07.14