“მწვანე არდადეგები” 19 აგვისტოს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როგორც “თბილისი თაიმსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს , აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა.
პროექტის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების (სათაფლია-პრომეთე, ბორჯომი, ლაგოდეხი, მტირალა, კოლხეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი და ვაშლოვანი) პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდა.
,,მწვანე არდადეგების” ფარგლებში მოეწყობა მედიატურები, ეკოპიკნიკები, ფოტოტურები, დასუფთავების აქციები და სხვა აქტივობები.
პროექტის პრეზენტაცია 19 აგვისტოს ბათუმის ბულვარში გაიმართება. გარემოს დაცვის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელთან და აქციის – “ნუ დატოვებ ნარჩენებს” სხვა მონაწილეებთან ბათუმში სანაპირო ზოლს დაასუფთავებს.
ასევე ახალგაზრდა მხატვრები აქციის “დახატე შენი მწვანე არდადეგები” ფარგლებში – ბათუმის ცენტრში 12მ სიგრძის კედელს მოხატავენ და აღნიშნულ თემატიკაზე ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სანაპირო ზოლზე ნამუშევრებს შექმნიან.
ბათუმის ბულვარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას პროექტს გააცნობენ, რის შემდეგაც ბათუმის ბულვარში რობი კუხიანიძის, ჯგუფ “ყველას” და დიჯეი გაბუნიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
19 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ყოველ შაბათსა და კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტური მოეწყობა. პირველი გასვლა 23-24 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება, სადაც ახალგაზრდებს ელით მოგზაურობა პანტომით და არტ-საღამო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით.
15.08.14