საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სტუმრად პორტუგალიის ნაკრები ოვერტაიმში 91:90 დაამარცხა; ძირითადი დრო 79:79 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედში მეტოქე 6 ქულით დაამარცხეს, რითაც დაწევის საშუალება მიეცათ.
როგორც წინა თამაშებში, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 25 ქულა ზაზა ფაჩულიამ მოაგროვა. 20 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია.
პორტუგალიელებთაგან საუკეთესო ჟოზე დასილვა იყო, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა.
შემდეგ თამაშს საქართველო თბილისში, 24 აგვისტოს ასევე პორტუგალიასთან გამართავს. კოკოშკოვის გუნდი 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
18.08.14