საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დავით ბაქრაძეს მოწმის სტატუსით დასაკითხად 14:00 საათზე ელოდებიან.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმესთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერთან, თუმცა, სავარაუდოდ, ბადაშვილის უწყება ინგლისში, ერთერთი ბანკში თანხის განკარგვის საკითხით დაინტერესდება.
საუბარია 795 000 ლარზე. ანგარიში, სადაც ეს თანხა ირიცხებოდა, დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა.
მთავარმა პროკურატურამ, მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, უკვე დაიკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი.
29.08.14
Discussion about this post