საქართველოს პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ნატო-ს უელსის სამიტზე არის ის, რომ საქართველოს დაცულობის ხარისხი სამიტის შემდეგ გაიზარდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
ფხალაძემ ნატო-ს უელსის სამიტთან დაკავშირებით მოლოდინებსა და ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კიდევ ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს სამიტზე, ის არის, რომ არა მხოლოდ მოხდეს საქართველოს მიღწევებისა და პროგრესის შეფასება, დადებითად ასახვა, არამედ სერიოზული ბიძგი მიეცას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
“ეს სამიტი იმ ვითარებასა და გარემოში იმართება, როდესაც ჩვენ ვხედავთ როგორ იზრდება გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი და კონკრეტულად ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მიმართ. მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი სამიტის შემდეგ. ასე ხედავს საქართველოს პრეზიდენტი მთავარ ამოცანას. დაცულობის მაღალი ხარისხის მოპოვება გულისხმობს როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რომელთაც იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისათვის. რაც შეეხება მეორე ამოცანას, ეს სამიტი უნდა გახდეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ არა მხოლოდ მოხდეს საქართველოს მიღწეული წარმატების შეფასება, არამედ სერიოზული ბიძგი უნდა მიეცეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. უნდა მოინახოს ის მექანიზმები, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტს მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ლონდონში და ის შეხვდება EBRD -ის ხელმძღვანელობას, ასევე პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს გამოსვლა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში ჩჰატჰამ ჰოუსე-ში.
“რაც შეეხება უშუალოდ უელსის სამიტის პროგრამას, ძალიან ღირსეულად არის საქართველო წარმოდგენილი ყველა ფორმატში. რომელშიც კი შეიძლება არაწევრმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა. საქართველო ყველა ფორმატში იღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ISAF-ში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრაზე. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილი იქნება 28+4 და 28+24-ის ფორმატში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე”, – განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციას უელსის სამიტზე პრეზიდენტი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო დელეგაციაში ასევე წარმოდგენილი იქნებიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრები და ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი.
29.08.14