თბილისში, პარლამენტის შენობის B-ფლიგელში გამოყოფილი ე.წ. პრეზიდენტის სართული ექსკლუზიურად პრეზიდენტისთვის აღარ იქნება განკუთვნილი. დაგეგმილია პარლამენტის შენობის ამ ნაწილის რეკონსტრუქცია და მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად იქნება გამოყენებული. პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ერთად დღეს “პრეზიდენტის სართულიც” დაათვალიერა და როგორც განმარტა, თავად პრეზიდენტის ინიციატიცით, აღნიშნული სართული დაკეტილი აღარ იქნება და გამოყენებული იქნება მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობისთვის. თბილისში პარლამენტის მუშაობისას, შენობის ეს ნაწილი მუდმივად დახურული იყო – ის მხოლოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხსნებოდა, როცა პრეზიდენტი პარლმენტს სტუმრობდა ან მისი ხელმძღვანელობით პარლამენტში მაღალი რანგის სტუმრები მოდიოდნენ. ამ ფლიგელში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ, როცა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. “ეს იყო პრეზიდენტის სამუშაო ოთახი – დარბაზი, რომელიც თავისი ზომებით მხოლოდ სხდომათა დარბაზს ჩამოუვარდება. ამასობაში პარლამენტში არ არის ადგილი, სადაც სტუმარს მივიღებთ, შედგება შეხვედრა-მოლაპარაკება… ზოგადად, სახელმწიფოს არ აქვს ბევრი ასეთი დარბაზი ცერემონიებისთვის, მაღალი რანგის ღონისძიბებისთვის. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ჩამოვყალიბდით, რომ მოხდება ამ სართულის რეკონსტრუქცია ისე, რომ იქნება სათანადო ადგილი, როცა პრეზიდენტი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობა, როცა პრემიერი მობრძანდება უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობისთვის, უცხოელებისთვის, ყველასთვის – პარლამენტში როცა მოდის სტუმარი, ცხადია, ჩვენს სათანადოდ დავხვდებით. ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელმაც ბრძანა, რომ ამხელა სართული და ამხელა ოთახი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოსვლისთვის არ სჭირდება. პრეზიდენტი არ თვლის, რომ ეს უნდა იყოს ჩაკეტილი და სხვა ვერავინ ვერ უნდა შემოდიოდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. 01.09.14