ნატო-ს სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უელსში გამგზავრებამდე განუცხადა.
მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს მისი ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის ადეკვატური შესაძლებლობები მიეცეს.
“მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების, ისე ამ შემთხვევაში საქართველოსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატური იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ასევე ელოდებიან, რომ დაფიქსირებული იქნება ის დიდი წარმატება, რასაც საქართველომ დემოკრატიის შექმნის კუთხით მიაღწია და აღნიშნული დეკლარაციულად გაფორმდება.
“ანუ ნატო-სკენ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსში გამთენიისას გაემგზავრა.
4-5 სექტემბერს უელსში ნატო-ს სამიტი გაიმართება.
03.09.14