ლია ლიქოკელი ახალგაზრდა პოეტია, რომელიც ქართველმა მკითხველმა ბოლო სამი წელია გაიცნო. პროფესიით რეჟისორია თუმცა მიიჩნევს, რომ ფილმები და თეატრი მისი საქმე არაა. 26 წლის იყო, როდესაც პირველად დაუბეჭდეს ლექსი, 2013 წელს კი მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ გამოვიდა.
თავის მკითხველთან შეხვედრა ძალიან უყვარს, მათი შეხვედრა კი, ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებულია. 2013 წელს მკითხველთან ერთად გააცილა შემოდგომა, ამ წელს არ ფიქრობს თავისი საყვარელი სეზონის გაცილებას, თუმცა უფრო დიდ სიახლეებს გვპირდება.
ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“, მისი მოთხრობები კი შესულია საფესტივალო კრებულში. მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკუსრსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეულიც გახდა. თუმცა ამ, ყველაფერთან ერთად მან , სამი წლის განმავლობაში მკითხველის ყურადღება და დიდი სიყვარულიc დაიმსახურა. როგორ დაიწყო ცივ ზამთრებში, ვარსკვლავებით მოჭედილი ბარისახოს ცის ქვეშ ლიას ლექსების ისტორია და რატომაა მისთვის ლექსის წერა თვითგადარჩენა.
„თბილისი თაიმსს“ ქართველი პოეტი, „სტიქიურ ბედნიერებად“ წოდებული, ლია ლიქოკელი ესაუბრა. მოგვიყევი თქვენს შესახებ, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
დავიბადე და გავიზარდე ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში. დიდი ოჯახი გვქონდა, მშობლები, პაპა–ბებია, ძმა. სკოლაც ბარისახოში დავამთავრე. ჩემი ბავშვობა დაემთხვა ძალიან ცუდ წლებს, განსაკუთრებით ხევსურეთში, არ იყო გზები, თვეობით ვიყავით გარესამყაროს მოწყვეტილები, ზამთარი ჩვენთან მაისამდე გრძელდება, თოვლში დასველებულ შეშას ვაგროვებდით და სკოლაში მიგვქონდა,რომ გავმთბარიყავით. თუმცა, მაშინ ურთიერთობები ერთმანეთს შორის უფრო იყო, ვიდრე დღეს. დღეს იქაურობა თითქმის დაცლილია, ახალგაზრდებიც ცოტანი არიან, ურთიერთობებიც შეწყვეტილია. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი თბილისში, დავამთავრე თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისურა. ჩემი პროფესიით მხოლოდ 5 წელი ვმუშაობდი დუშეთის თეატრში, შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში რთულია იყო რეჟისორი. ამჟამად, 28 წლის ვარ და ვმუშაობ „ქარჩხაძის გამომცემლობაში“ რედაქტორად.
როდის გაჩნდა პოეზია თქვენს ცხოვრებაშიდა თავად, როდის გამოჩნდით?
თავდაპირველად ძალიან უცბად გაჩნდა და მალევე გაქრა. ბავშვობაში, სკოლის პერიოდში ვწერდი, ამბობდნენ რომ ვწერდი. მოსწონდათ, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ შევწყვიტე. რამდენჯერმე ვცადე სკოლის მერე წერა მაგრამ აღარ გამომივიდა. დიდი ხანი იყო გასული, 25 წლისას ისევ დავიწყე და დავიწყე, სადღაც სამი წელია უკვე ვწერ, ვიპოვე ჩემი წერის ფორმა და ენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ვინც წერს. გამოვჩნდი მაშინვე, რაც წერა დავიწყე. ის მომენტი არ მქონია, რომ დამეგროვებინა ლექსები, მიმეტანა გამომცემლობაში და დამებეჭდა, არა – როცა ვწერდი ჩემს ფეისბუქ გვერდზე ვაქვეყნებდი და მაშინ მოეწონათ, ჩემმა უფროსმა მეგობრებმა დამიბეჭდეს ლიტერატურულ ჟურნალში „პალიტრა“ და „გალაქტიონში“. არც მიფიქრია მაშინ ეს ყველაფერი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მოეწონებოდათ. მას შემდეგ იბეჭდება, დღესაც არ ვაგზავნი ჩემი ნებით თუ თვითონ არ შემომთავაზეს.
როგორ ფიქრობთ, ვინ იქონია ზეგავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
უფრო დედამ, ალბათ ყველა ასეა. გააჩნია დედის პიროვნებასაც, რა თქმა უნდა, რამდენად ძლიერია, ინტელექტუალია და ა.შ. სხვა კონკრეტული პიროვნების დასახელებას ვერ შევძლებ. ზოგადად არც მიყვარს და არც მყავს ავტორიტეტები. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი საინტერესოა, რომელიც გვხდება, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს თავისებურად გზრდის და გცვლის.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კითხვა, რჩეული ავტორი ან ნაწარმოების დასახელება თუ შეგიძლიათ?
კითხვა მიყვარს, ხანდახან მქონია ისეთი პერიოდები როდესაც რამდენიმე წიგნს ერთდროულად ვკითხულობდი, სწრაფად მეცვლება ხოლმე განწყობა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთ წიგნს ბევრჯერ ვკითხულობდი. მყავს რამდენიმე, ერთი–ორი საყვარელი ავტორი, ვკითხულობ ძირითადად დასავლელ მწერლებს. არ მიყვარს რატომღაც აღმოსავლეთის ლიტერატურა. როგორც ვთქვი განწყობა სწრაფად მეცვლება, ასე ვარ მწერლებზეც, ერთი კონკტრეტულიც არ მყავს, მაგრამ ყოველთვის ვარჩევ ყველასგან ფოლკნერს, ძალიან მიყვარს, მგონია რომ მესმის როგორ იწერება. ქართველებიდან – ერლომ ახვლედიანს გამოვარჩევდი.
როგორია თქვენი დამოკიდებულება საკუთარ შემოქმედებასთან, პირველ რიგში, რა შეგრძნება გებადებათ, როდესაც მოგიხსენიებენ როგორც პოეტ, ლია ლიქოკელს?
საინტერესო ამბავია. მე ძალიან უცბად, 26 წლის ასაკში მითხრეს, რომ პოეტი ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაურია, მესმის და თითქოს გვერდიდან ვუყურებ ვინმე, პოეტ ლია ლიქოკელს. ამ ყველაფერს რატომღაც სერიოზულად ვერ აღვიქვავ. ჩემთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რასაც ვწერ. რომ ავხსნა, ეს იგივეა რაც თვითთერაპია, თვითგადარჩენა. ჩემი მიზანია გამოვხატო, მოვყვე , რაც ჩემ შიგნით არის და არა – დავწერო ლექსი. ჩვეულებრივი ამბებიც საჭიროებს ახსნას, ამისთვის კი საჭიროა ხელოვნება, მისი ნებისმიერი სფერო. ზოგი ამ ყველაფერს ხატვით გადმოსცეს , ზოგი ფილმს იღებს, მე კი – ვწერ.
ლია, ხომ შეიძლებოდა ყოფილიყავი რეჟისორიც და პოეტიც?
ფილმების გადაღება ჩემი საქმე არ არის, ეს უზომოდ შრომატევადი და კოლექტიური პროცესია. კოლექტიურობას კი ვერ ვეგუები. მარტო მირჩევნია. მარტო ვარ და ვწერ.
- გაქვთ თუ არა გამორჩეულად საყვარელი ადგილი, სადაც წერის დროს, როდესაც შემოქმედებით წვას განიცდით თავს გრძნობთ კომფორტულად, და თუ გყავთ ან გყავდათ ე.წ მუზა?
კი, არის საყვარელი და გამორჩეული ადგილები. პირველ რიგში, რაც მახასიათებს ის არის, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდა ბევრს დავდივარ, დავდივარ და ვფიქრობ. ყველაზე მეტად ხიდები მიყვარს, არ გავა დღე, რომ ერთი ხიდი მაინც არ გავიარო, ვიხედები და ვუყურებ მდინარის დინებას, ეს მომენტი ხომ ძალიან სიმბოლურია – ვუყურებ და მგონია რომ კარგად ვფიქრობ. ზაფხულში ერთი თვე ვიყავი ხევსურეთში, სახლის გვერდით კაკლის ხე დგას, დიდი ბალახები. იქ ვგრძნობდი, რომ კარგად ვფიქრობდი, სამყაროში არის ბევრი გადაკვეთის წერტილი. რაც შეეხება მუზას, არ მყავს, უფრო სწორედ სხვადასხვა მუზა მყავს, შეიძლება ჩემი მუზა იყოს ყველა და ყველაფერი. კონკრეტულიც რომ გყავდეს, მგონია რომ მაინც ხდება მისი განზოგადება ლექსებში.
როგორც ვიცით, ლია ლიქოკელს ეძახიან „სტიქიურ ბედნიერებას“. რომელიც ბატონ თემურ ჩხეტიანმა დაგარქვათ, საიდან წამოვიდა მსგავსი მიმართება და როგორ ფიქრობთ რამდენად ახლოსაა ეს სახელი თქვენს შემოქმედებასთან?
ერთ ჩემი ლექსის, „აშექალას ქორწილის“ წაკითხვის შემდეგ, ბატონმა თემურ ჩხეტიანმა დაწერა, რომ ვარ „სტიქიური ბედნიერება“, ანუ ბედნიერებაა რომ ვწერ. მე ვერ შევაფასებ ბატონი თემურის ამ სიტყვებს, თუმცა ვთვლი,რომ რაღაცები დამიწერია მართლაც სტიქიურად. არსებობს ამბები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთი მნიშვნელობის წყალობით თვითონ გაწერინებენ, თვითონ იწერებიან. ზოგი ადამიანი გარედან წერს, აკვირდება მოვლენებს, მე კიდევ თვითონ ამბების ტყავში ვძვრები და შიგნიდან ვწერ.
როგორ ფიქრობთ, ყველაზე მთავარი რა არის პოეტის ცხოვრებაში და რა მოვალეობები აკისრია მას, დაკავშირებულია თუ არა ეს მოვალეობები მკითხველთან, ქვეყანასთან, საკუთარ თავთან?
პოეტის მისიაზე, ვფიქრობ, რომ არ ღირს ამხელა პასუხისმგებლობის აღება. პოეტებიც უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც სხვებთან შედარებით მკვეთრად გრძნობენ სხვადასხვა ნიუანსებს. მე რასაც ვხედავ იმას ვწერ, ადამიანებს საერთო შეგრძნებები გვაქვს, მკითხველები ჩვენ ნაწერთან და ემოციებთან საერთოს პოულობენ, აი ამით ვეხმარებით მათ. ვუმსუბუქებთ ან ვუმძაფრებთ ემოციებს. მაგალითად, როდესაც ცუდად ვარ, ვკითხულობ საყვარელ მწერალს და იგი მეხმარება. საერთოდ მგონია, რომ პოეტის მისიაზე ეს ყველაფერი გაზვიადებული და დამახინჯებულია, ჩვენ არ ვართ იმდენად კარგები, რომ სხვებს რაიმე ვასწავლოთ.
როგორ შეაფასებდით თანამედროვე მწერლობას და როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი განსხვავება,რომლითაც მკითხველს შეუძლია გამოგარჩიოთ სხვა პოეტებისგან?
თანამედროვე პოეზიას უფრო ვკითხულობ, ვიდრე სხვა დანარჩენს. მომწონს, ნამდვილად არიან განსხვავებული ავტორები, საერთოდ ყველა დროს თავისი წერის ფორმა და სტილი აქვს, ყველა დროში არიან გამორჩეულები. შედარება ჩემს ლექსებთან კი არ შემიძლია. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მე არ დამიწყია წერა, ვიღაცის ლექსების გავლენით, ან ვიღაცის გამო. საკუთარი ენა ვიპოვე და იმ ენით ვწერ. ყველა ინდივიდუალურ მწერალს საკუთარი ენა აქვს. როდესაც პოეტს შენი ენა გაქვს ეს ბედნიერებაა, რადგან შენ შეგიძლია მოყვე შენი ამბები ზუსტად ისე, როგორც არის. განსხვავება ალბათ სხვებისა და ჩემს ლექსებს შორის ნიუანსებშია. შემიძლია ყველანაირ თემაზე დავწერო – პირადზეც კი. ზოგად თემებზე ან საზოგადოებაზე არ ვწერ, ვწერ ჩემს თავზე იმიტომ, რომ მჭირდება. შეიძლება ეს ცუდია მაგრამ ჯობია საკუთარი ნებით გააკეთო, ვიდრე ნაძალადევად.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა ახალი წიგნის გამოცემას?
ველოდები ნამდვილი შემოდგომის მოსვლას, ველოდები სიცივეს, შარფებსა და თბილ ტანსაცმელს, მერე ვნახოთ. ამ წელს არ მგონია, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისისთვის მოვაგროვებ კარგ ლექსებს წიგნისთვის.
რომელია შენი საყვარელი ლექსი და გაქვს ლექსები რომელიც არ მოგწონს?
კი, არის ლექსები რომლებიც არ მომწონს, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი პიროვნების წრეს ეს ლექსები კრავს, ცუდიც და კარგიც. ისინი აუცილებლად უნდა არსებობდნენ, ცუდი ლექსის წერისას ხომ ისეთ ხასიათზე ვიყავი, ის ხომ მე ვიყავი. ძალიან კარგია ცუდი ლექსებიც, ცუდი ამბებიც და შეცდომებიც. ჩემი საყვარელი ლექსია – “ როგორ შემიყვარდა ყვავი“.
04.09.14
ნათია კეკენაძე