საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობას არ დაუშვებს.
“პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც ქობულეთში მოხდა – ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.
“მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
გუშინ ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე დაამაგრეს.
11.09.14