საქართველოში ნატოს მიერ „თავდაცვითი საშუალებების“ განთავსების საკითხი უკვე წლებია აქტუალურია. აღნიშნული საკითხი გახდა მიზეზი იმ ზეწოლისა და აგრესიისა, რასაც ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია განიცდის.
მოლაპარაკებები დასავლეთსა და საქართველოს შორის უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გაზაფხულზე, ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერეციაზე, „ერთიანი თავისუფალი ევროპისკენ“ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატოს საქართველოში „თავდაცვითი საშუალებების“ განლაგება მოსთხოვა.
მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა და NATO-მაც შესაბამისად უნდა უპასუხოს ქართველების ამ ძალისხმევას. პარალელურად უელსის სამიტზე NATO–მ აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რათა გააძლიეროს დემოკრატია და მოახდინოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზება. მათ მოიწონეს ირაკლი ალასანიას ინიციატივა და მზადყოფნა გამოთქვეს უახლოეს მომავალში სამხედრო ბაზების განთავსებაზე საქართველოში, თუმცა, აქვე მათ აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი იქნება მსხვილი საბრძოლო ძალების გარეშე. კონკრეტულად, სად მოხდება „თავდაცვითი საშუალებების“ განთავსება და რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოუტანს ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი და დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი თორნიკე შურღულაია ესაუბრა.
ბატონო თორნიკე, თქვენ როგორ შეაფასებდით უელსის სამიტის დეკლარაციას და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს?
საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ვიდრე იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ფაქტია ის, რომ საქართველოს რეალურ მხარდამჭერ და სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკა რჩება, რომელიც მხარს გვიჭერს, როგორც პოლიტიკურად ასევე ფინანსურად. ამერიკის მყარი მხარდაჭერის შედეგია, დღეს საქართველო, რომ არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, რომ არა აშშ-ს მკაცრი პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც ევროპის სახელმწიფოს მეთაურებმა აუბეს მხარი საქართველო დღეს რუსეთის შემადგენლობაში იქნებოდა.
როგორ შეაფასებთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას სურვილს იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განათავსოს? რა სახის „თავდაცვითი საშუალებები“ იგულისხმება მინისტრის სურვილში, და თანხმობის შემთხვევაში ტერიტორიულად სად მოხდება მათი განთავსება?
თავდაცვის მინისტრის სურვილს დადებითად შევაფასებდი, მეტიც აუცილებლად უნდა განთავსდეს სტრატეგიული თავდაცვითი სისტემები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოების დონეს. საქართველოს და ნატოს პარტნიორობა ახალ ეფექტურ საფეხურზე გადაინაცვლებს. სტრატერგიული თავდაცვითი საზენიტო დანადგარები, იგივე პეტრიოტები განთავსდება საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, ცხელ წერტილებში რაც შეაკავებს რუსეთის ძალების მიერ საზღვრების გადმოწევას და ეტაპობრივ ანექსიას. რაც შეეხება აღნიშნულ „თავდაცვით საშუალებებს“ აქ იგულისხმება – ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებები. ამ ფოტოზე სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად ნათლადაა ნაჩენები ის ადგილებიც, სადაც განთავსდება ბაზები.
რამდენად დიდია ალბათობა, რომ ნატო–ს საწვრთნელი ბაზა, რაზეც უელსში იყო საუბარი, რეალურად გახდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ერთ–ერთი ფლაგმანი?
როგორც ბუფერულ სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობა გვიკავია გეოპოლიტიკაში. ჩრდილოელი მეზობელი დღეს საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ისტორიული ხვედრია გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ აღნიშნული საფრთხის შეკავებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით დიდი საფრთხის წინაშე. ჯობია ვიყოთ პროგრესული სახელმწიფოების გვერდით, ვიდრე იმპერიალისტების კლანჭებში.
როგორ შეაფასებთ, ნატოს გენერალური მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუმის განცხადებას იმის შესახებ,რომ რუსეთის მეზობლების თავდაცვითი რეფორმებისა და სამხედრო მოდერნიზაციის მხარდაჭერა მოლდოვაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე მეტად საქართველოს სჭირდება?
სრულიად პრაგმატული და რეალობაზე დაფუძნებული მოსაზრებაა. წითელი საფრთხე არაერთხელ იგემა ჩვენმა სახელმწიფომ. ყოველდღე რუსეთის მხარე მოიწევს წინ და წევს საზღვრებს, რაც ეტაპობრივი ანექსიის მაჩვენებელია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სივრცესთან პარტნიორობა, რაც მასში გაწევრიანების წინაპირობაა.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც საქართველოში ნატოს „თავდაცვითი საშუალებების“ განთავსებას მოჰყვება?
უარყოფითი არის ის, რომ რუსეთი უფრო მეტად გააქტიურდება, შეეცდება პროვოკაციები მოაწყოს, რაც უშედეგო იქნება. რუსეთს ავიწყდება, რომ არ არის საბჭოთა კავშირი, რომელიც „ცივი ომის“ წესებით თამაშობდა. რუსეთი ახლო მომავალში სანქციებისა და თავისი არაპროგრესული პოლიტიკის შედეგად გაიზიარებს საბჭოთა კავშირის ბედს, ან რუსეთის სათავეში მოვა მთავრობა, ახალი რუსები, რომლებიც არ იქნებიან შეპყრობილი იმპერიალისტური დამპყრობლური იდეებით. დადებითია ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება ამ ბრძოლის ველზე მარტო, რაც აგრესორის დამარცხების მეტ შანსს იძლევა.
როგორ შეაფასებდით, ნატო–ს უელსის სამიტის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს? თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური იყო ნატო–ს პასუხი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე? და რატომ ვერ მიიღო უკრაინამ უელსში ნატოსთან თანამშრომლობის სტატუსი, რაზეც იმედებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლები ამყარებდნენ?
უკრაინის არასწორად განსაზღვრულმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიამ გამოიწვია აღნიშნული შედეგი. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა პუტინთან შეხვედრით, რაც უარყოფითად აისახა უკრაინაში განვითრებულ მოვლენებში. აღნიშნული შეხვედრით უკრაინის პრეზიდენტი წაგებული მხარის პოზიციაში აღმოჩდა.
11.09.14
ნათია კეკენაძე