სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად , საკალათბურთო სუპერლიგის კლუბების მწვრთნელებსა და კალათბურთელებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, საუბარი საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარების საორგანიზაციო საკითხებსა და ძირითადად იმ პრობლემატიკაზე გაიმართა, რომელიც ჩემპიონატის მონაწილე კლუბების დაფინანსებას შეეხება.
მინისტრის განცხადებით, ფედერაციასთან ერთად სამინისტრო აქტიურად მუშაობს “კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე”, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება და რომელიც სამომავლოდ საქართველოში კლუბების დაფინანსების ისეთი ბაზისს შექმნის, რაც თავის მხრივ ქვეყანაში კალათბურთის სტაბილური განვითარების საფუძველი გახდება.
“აღნიშნული პროექტი მოაწესრიგებს ეროვნული ჩემპიონატის პრობლემატიკას და ასევე ხელს შეუწყობს ინფრატსუქტურის, ბავშვთა და ახალგაზრდული კალათბურთის წინსვლასა და საკლუბო სისტემის დახვეწას. ახალი პროექტის ამუშავებამდე კი, მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა უწყებრივი საკალათბურთო კლუბი კვლავ დაფინანსდება ამა თუ იმ უწყების მიერ, რადგან პრობლემა არ შეექმნას საქართველოს მოახლოებული ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, ხოლო 2015 წლიდან ახალი პროექტი ამუშავდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
საკალათბურთო სუპერლიგის კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი 22 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
11.09.14