თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში, სწორედ ამიტომაა,რომ სასწავლო დაწესებულებათა უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეთა სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება წარმოადგენს. იმისთვის, რომ ეს იდეა სრულყოფილად განხორციელდეს საჭიროა, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება. თუმცა, მანამდე საჭიროა იმის გააზრება, რომ განათლება ძალაა, რომელიც დახვეწილი, ღირსეული და საუკეთესო გზით მიიწევს სოციალური დამკვიდრების, წარმატებისა და თვითრეალიზაციისკენ. ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიური აზროვნება საგრძნობლად აფართოებს ადამიანის შემეცნებით არეალს და იგი მიჰყავს ზნეობრივი სიმაღლის საფეხურამდე. საზოგადოების ნაწილი, მხარს უჭერს რელიგიის, როგორც საგნის სწავლებას სკოლებში და მიიჩნევს, რომ დღევანდელ ქართულ პედაგოგიკასა და სოციოლოგიაში, საჭიროა რელიგიური განათლების პოპულარიზება და წინ წამოწევა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის დონე საკმაოდ დაბალია, პარალელურად კი ათეიზმი მოდური. სკოლებში რელიგიის სწავლევის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, „თბილისი თაიმსს“ თეოლოგი ნიკა ცხომელიძე ესაუბრა.
ბატონო ნიკა, რა მდგომარეობაა დღეს რეგიონებში რელიგიული განათლების დონის მხრივ?
რელიგიური განათლების დონე არამარტო რეგიონებსა და რაიონებშია პრობლემატური, არამედ დიდ ქალაქებშიც და მათ შორის თბილისშიც. პრობლემას ასევე წარმოადგენს ის, თუ ვინ უნდა აძლევდეს რელიგიურ განათლებას მათ, ვისაც მისი მიღება სურთ. პირველ რიგში, ამას უნდა ახორციელებდეს ეკლესია, შემდეგ სკოლა, უნივერსიტეტები, კოლეჯები და სხვა. აღვნიშნავ, რომ უპირველესად ეს მოვალეობა უნდა აღასრულოს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსულმა ადამიანებმა, მათ ვინც დაამთავრეს სასულიერო აკადემია-სემინარია და გათვითცნობიერებულნი არიან ამ საკითხში. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა არის პრობლემის ძირითადი არსი, ესაა საქართველოში სამრევლო სკოლების არარსებობა, სადაც ჩატარდებოდა ლექციები. თუ არსებობს მივესალმები, მაგრამ მათი რაოდენობა დარწმუნებული ვარ ძალიან მცირეა და თავის მოვალეობასაც სრულყოფილად ვერ ასრულებს. მღვდლებსაც არ აქვთ ფუფუნება -იმდენი დრო, რომ ლექციები ატარონ და მხოლოდ საკვირაო ქადაგებით თუ შემოიფარგლებიან.
პრობლემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამაში კი მთავარი როლი უნდა შეასრულოს ეკლესიამ. როგორც კონკორდატის მე-5 მუხლი გვამცნობს, „საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.“ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკეკები ეკლესიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომ რელიგიის საგანი იყოს სასწავლო პროცესში. იმ მცირერიცხოვან სამრევლო სკოლებშიც, რომელიც ცდილობს ამ მხრივ თავისი წვლილი შეიტანოს ამ დიდ საქმეში, არის პრობლემები, მრევლი ვერ ახერხებს სიარულს სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს არის დროის პრობლემა, სიზარმაცე და ა. შ.
საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგია როგორც საგანი და როგორი სახით?
ჩემი აზრით, სრულებით არაა მათი რეკომენდაციები საჭირო იმაზე, უნდა ვასწავლოთ თუ არა ჩვენს სკოლებში რელიგია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, პედაგოგი, მივიჩნევ რომ სასურველი კი არა სავალდებულოა რელიგიის სწავლა. ჩემმა თორმეტწლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ რელიგიის სწავლა სავალდებულოა, რატომ? – თუ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს ღირსეული, ტოლერანტული, სხვისი ტკივილის გამზიარებელი, მაშინ უნდა გავითავისოთ ის, რომ ეს ყველაფერი მოდის რელიგიური ცნობიერებიდან. თუ გვინდა, რომ ბავშვი გავხადოთ მორწმუნე, მას სწორად უნდა მივაწოდოთ სწავლება ქრისტიანული რელიგიის შესახებ, რომელიც გვასწავლის სიყვარულს ღვთისას და მოყვასისას და მეტსაც გეტყვით – მტრისასაც კი, და როდესაც სკოლაში პატარა ასაკიდანვე ბავშვი ეზიარება რელიგიურ განათლებას, გამორიცხულია, რომ ამ საღვთო სიტყვამ, რომელიც მასში ჩაითესება დადებითი შედეგი არ გამოიღოს. მაგრამ ვართ კი ჩვენ მზად, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სიკეთე, ვასწავლოთ ყველაფერი ისე, რომ არ გამოვიწვიოთ მათი აგრესია და პროტესტი. მე მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ვასწავლიდი რელიგიას, მყავდა მოსწავლე, რომელსაც არ უნდოდა სწავლა და ვერც მიხსნიდა მიზეზს, მიზეზები კი იმალება ქვეცნობიერში. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, სადაც არ აქვთ ეკლესიისადმი სწორი დამოკიდებულება, ან ეს ბავშვი დააბრკოლა ვინმემ, დაბრკოლებაში ვგულისხმობ მაგალითად – რომელიმე საეკლესიო პირის საქციელს, რომელმაც არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მასზე.
საბოლოოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სასურველი კი არა სავალდებულოა რელიგიის საგნის სწავლა სკოლებში, ამასთანავე უნდა დაიწეროს ნიშნები, ნიშნები არა ლოცვასა და მეტანიებში, არამედ ჩეულებრივ სასწავლო პროცესში. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სწავლობენ საგანს, რომელიც ფასდება ნიშნებით, თუმცა ესეც ფაქიზი თემაა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც შეიცავს.
როგორი ტენდენციებია დღეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების კუთხით? რას გეტყვით რელიგიური ტოლერანტობის მნიშვნელობაზე?
სიმართლე, რომ გითხრათ საერთოდ არაა საჭირო სტატისტიკური მონაცემები. ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, ჩანს ის, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ რელიგიის ტოლერანტობის მხრივ. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა და დაპირისპირება. ცნობილი მოვლენაა მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, გურიის ერთ-ერთ სოფელში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება, სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ჩხუბი, თუ სექტანტებთან ურთიერთობის დროს აგრესია, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს რელიგიური ტოლერანტობის დიდი სურვილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ვიღაცისთვის მაინც იზღუდება რელიგიური თავისუფლება. მეორე საკითხია, ხომ არაა ეს ყველაფერი ხელოვნურად პროვოცირებული? ჩვენ ვხედავთ თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას მართმადიდებლები სხვა სექტანტებს, თუმცა არ ჩანს ის, თუ როგორ პროვოცირებენ ეს უკანასკნელნი მართლმადიდებლებზე.
გამოდის, რომ მორწმუნებიიც ნაკლებად ტოლერანტულნი ვჩანვართ. ამ საკითხზე საუბრისას საინტერესოა გავიგოთ თუ რა არის თავად ტოლერანტობა, ესაა ადამიანის მიღება ზიზღისა და აგრესიის გარეშე. არ შეიძლება, ვინმეს ხელი კრა და აგრესია გამოხატო მისი ეთნიკური, რელიგიური, ან განსხვავებული შესაძლებლობების გამო. ქრისტე იყო თავად ტოლერანტი, არ განურჩევია მას სხვა რელიგიის წარმომადგენლები იუდეველებისგან. და ჩვენც უნდა მივბაძოთ მას.
ხშირად საუბრობენ ქართულ ეკლესიაზე რუსული ეკლესიის გავლენაზე. ქართული ეკლესიის რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში თითქმის 200 წლიანი ყოფნის შემდეგ გასაკვირიც კი იქნებოდა ასე რომ არ იყოს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ეს გავლენა არის კი იმდენად სახიფათო, რომ რეალურ საფრთხეს უქმნის ერთი მხრივ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, ხოლო მეორე მხრივ, სახიფათოა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის?
გეთანხმებით, ხშირად საუბრობენ ამ საკითხზე და საკმაოდ რეზონანსულიც არის ეს თემა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც საეკლესიო პირებს რუსეთის მოტრფიალეებს უწოდებენ. თუმცა, ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ერთმორწმუნე ოკუპანტმა რუსეთმა კი შეძლო და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაკავების პარალელურად, რუსეთის ეკლესიას გზა გაუხსნა (შეიძლება აიძულა კიდეც) ჩაეყვანათ იქ რუსი სასულიერო პირები, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში იქნებოდნენ და რუსულ საქმეს შეასრულებდნენ. ეკლესია კი რადგან ქრისტეს სხეულია, ქრისტეა თავი ეკლესიისა, ის არ უნდა იქცეს პოლიტიკურ ერთეულად და უნდა შეძლოს ქრისტეს მოძღვრების თანახმად მოღვაწეობა. რუსეთის საპატრიარქომ უნდა შეძლოს და წინაღმდეგობა გაუწიოს რუსულ პოლიტიკას და მისი ქმედებები უნდა გახდეს ჭეშმარიტად ქრისტიანული – ხელი შეუწყოს საქართველოს დეოკუპაციას საერო თუ სასულიერო კუთხით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიებზე რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლები აღავლენენ წირვა-ლოცვას, არამგონია დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, უბრალოდ ნამდვილად არასასიამოვნო და არასწორი ფაქტია და მომავალში რა გაგრძელება მოყვება ამას, ამის პროგნოზირება გამიჭირდება.
რას ეფუძნება ჩვენი დღევანდელი განათლება და მეცნიერება, რა ღირებულებათა სისტემაზეა აგებული მსოფლმხედველობა?
რთულია ვთქვათ კონკრეტულად რომელ მსოფლმხედველობაზეა აგებული ჩვენი ქვეყნის განათლება. ყველაზე უკეთ რაც შეინიშნება ისაა, რომ იგი კვლავაც დაკავშირებულია დარვინის თეორიასთან, რომელიც დღემდე მოდურია. მეტნაკლებად საუბარს მაინც იქამდე მივყავართ, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა ეკლესიის სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები გაჯერებულია ამ თეორიით. მაგალითისთვის, ერთხელ ჩემი მოსწავლე მიმტკიცებდა დარვინის თეორიის ჭეშმარიტებას. მან ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი სასკოლო წიგნებიდან ისწავლა. სკოლებს, რომ თავი დავანებოთ დღეს მომძლავრებულია ათეიზმი და სამწუხაროდ, თავის მარწუხებში აქცევს ახალ თაობას. ათეიზმი არის საკუთარი ცოდვილი ცხოვრების გამართლების საუკეთესო საშუალება. სოციალური ქსელები გავსებულია ათეისტური მოძღვრებებითა და რელიგიის დისკრინიმაციით. ჩვენი განათლების სისტემა, რაც არ უნდა დადებითად იყოს რელიგიის მიმართ განწყობილი, ის მაინც ვერ შეძლებს ასეთი დიდი ზეწოლის შეკავებას, თუ არ მოხდება სკოლებში და სახელმძღვანელოებში სერიოზული ცვლილებები. სამოქალაქო კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანები ერთმანეთის მიმარათ გაუცხოვდნენ, გაცივდა ურთიერთობები, დაიკარგა სიყვარული და კარგავენ ზნეობას. უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტიანობამდე ადამიანობა დგას და თუ ადამიანობამდე ვერ მივაღწიეთ ქრისტიანობამდე როგორღა მივალთ?! გასათვალისწინებელია მასწავლებლების როლიც, როდესაც სკოლებში რელიგიის საგნის დამატებაზე ვსაუბრობთ. პედაგოგები ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რელიგიის სწავლებაში. არიან კი ისინი მზად იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლონ? პედაგოგებს აქვთ სერიოზული სოციალურ-ეკონონომიკური პრობლემები და ვეღარ ახერხებენ მოსწავლეებზე სრულ კონცენტრირებას, მაიმედებს პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლიდან მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასები. თუმცა, დაბალი ხელფასებით მაშინ როდესაც 90 – იან წლებში 14-15 ლარს იღებდნენ პედაგოგები, მათ შეძლეს და შეინარჩუნეს მიწასთან გასწორებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა, რაც ნამდვილად დასაფასებელია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პედაგოგი იყოს დაფასებული, რათა პროფესიონალურად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
როგორ გესახებათ მართლმადიდებლობის მომავალი?
მომავალზე სანამ ვისაუბრებ, ორი სიტყვით წარსულს გადავხედავ, წარსულს რომელიც 2000 წელზე მეტია რაც არსებობს. ქრისტემ თქვა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. მართლმადიდებლობას ვერავინ დაამრცხებს. იმ გაგებით კი, როგორც თქვენ მეკითხებით, ის დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ჩვენი ეკლესიის მომავალი მართლმადიდებლებზეა დამოკიდებული, რამდენადაც ღირსეული მრევლი და საეკლესიო პირები გვეყოლება, იმდენად ღირსეული იქნება მომავალიც. თუ გვინდა რომ ეკლესია იყოს ძლიერი, ჩვენც უნდა ვიყოთ ძლიერნი, არა ვიღაცის დაჩაგვრის ხარჯზე, არამედ სულიერად, ჩვენი ღირსებითა და სიკეთით. თუ დავუკვირდებით ამ ბოლოდროინდელ გახმაურებულ კრიმინალურ დანაშაულებებს, ეს ადამიანებიც, დამნაშავეებზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ უმეტესობა ქრისტიანები არიან, ისინი კლავენ, იმეტებენ ერთმანეთს, ეს მტკინვეულია, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიკვდილი ჩვენივე დანაკლისია. ჩვენს რელიგიას, მართლმადიდებლობას ვერავინ შეეხება, მაგრამ მომავალში ასეთი აგრესიით ჩვენვე ჩავვარდებით ცუდ დღეში. ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობენ თავად მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წარმომადგენლლებიც. მართლმადიდებლობა სიყვარულის რელიგიაა და სწორედ სიყვარულშია ჩვენი რელიგიისა და ჩვენივე მომავალი.
“დავითიანნის” ღვთისმეტყველების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბრძანდებით, რას მოიცავ თქვენი ცენტრის მუშაობა და როგორია სასწავლო ცენტრის სამომავლო გეგმები?
როდესაც „დავითიანნი“ იწყებდა არსებობას, მის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ძველი და ახალი აღთქმის სწავლება და ამ საგანმანათლებლო საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და დღემდე ენიჭება.
მხოლოდ ამ კონკრეტული მიმართულებით არ შევჩერებულვართ და გვსურდა გაგვეზარდა არეალი. ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდებს კატეხიზმოს, ახალ და ძველ აღთქმას. სწავლება საინტერესო მეთოდით მიმდინარეობს – ელექტრონული ვერსიით, ფსიქოლოგებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციების შემდეგ გავაკეთეთ სალექციო ფილმები, რომელიც უფრო მისაღები და ადვილად აღსაქმელია მსმენელისათვის. გამოკითხვაც კი ჩავატარეთ და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ამან ახალგაზრდებში.
გვაქვს ასევე მრევლის კურსები, ეს არის მოკლე პროგრამა კატეხიზმოს ახალი და ძველი აღთქმის. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებთ სრულყოფილად შევასწავლოთ წმინდა წერილი, მაგრამ ეს კრუსები ზოგად წარმოდგენას უქმნის ბიბლიის შესახებ.
ვახორციელებთ ევანგელიზაციის პროგრმასაც, რომელიშიც ჩართულნი არიან „დავითიანნის“ კურსდამთავრებულები, მათგან შევადგინეთ ორი ჯგუფი. ისინი რეგიონებში ატარებდნენ პრეზენტაციებს სხვადასხვა საღვთისმეტყველო თემებზე, თან იმდენად წარმატებულად და საინტერესოდ რომ მსმენელებმა გვთხოვეს კიდევ ჩავსულიყავით მათთან.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში (facebook) გვაქვს ჩვენი გვერდი – ცივილიზაცია, რომელიც ახორციელებს ე.წ. ონლაინ კატეხიზაციას, ვაქვეყნებთ სხვადასხვა სწავლებებს, საინტერესო საკითხებს, განმარტებებს სახარებიდან. სოციალურ ქსელებში ხშირია ბიბლიის შეგნებული დისკრინიმაცია, ჩვენ ვცდილობთ მსგავსი პრობლემების ჩვენებურად აღმოფხვრას.
გვაქვს ახალი პროექტი „განსხვავებული არგუმენტები“, სადაც ვიწვევთ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს და მშვიდად ვსაუბრობთ რელიგიათა შორის განსხვავებებზე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვაქვს სურვილი, რომ განვახორციელოთ ბევრი მსგავსი პროექტები, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები. თავიდან პროექტები სავარაუდოდ ვიწრო გარემოში დაიწყება, მაგრამ გვაქვს პერსპექტივები, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ აამაღლებს რელიგიური ტოლერანტობის დონეს საქართველოში. არ შეიძლება რელიგიური განსხვავებულობის გამო ვინმეს დისკრიმინაცია, ვინმესთვის ზიანის მიყენება. ერთად უნდა ვიცხოვროთ მშვიდად და სიყვარულით. გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპოქაც, უნდა გადმოვიღოთ ჩვენი წარსულის მნიშვნელოვანი ელემენტები, რათა ფეხი ავუბათ გზას ღირსეული მომავლისკენ, სადაც აგრესიისა და ბოროტების ნაცვლად იქნება სიკეთე და სიყვარული.
15.09.14
ნათია კეკენაძე