ქუთაისის საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი და ბადრაგის სამი თანამშრომელი დაკავებული არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით , სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაქცეული პატიმარი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დააკავეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი, მსჯავრდებული რუსლან სოსელია გალში გადასვლას ცდილობდა.
“მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. მსჯავრდებული 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი. რუსლან სოსელიას მიმართ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ – 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.
მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.
გარდა ამისა, დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების სამი თანამშრომელი.
აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ან/და პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია.
საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.
22.09.14