საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
როგორც ლევან ყიფიანმა სამინისტროში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.
“მთლიანობაში არასასიამოვნო ვითარება შეიქმნა. მაგრამ, ჩვენ, როგორც ყოველთვის, მედიატორის როლს ვკისრულობთ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საკონსულტაციო საუბრები გაიმართა, გადაწყდა, რომ ნოემბრამდე შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ფედერაციის ზედამხედველობას განახორციელებს. პასუხისმგებლობა გადანაწილდება ფედერაციის პრეზიდენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის. შესაბამისად, ემოციები უნდა დაცხრეს. დანარჩენი უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, – აღნიშნა ლევან ყიფიანმა.
მისივე თქმით, სპორტსმენებმა მწვრთნელებთან ერთად თავისი საქმე დარბაზში უნდა აკეთონ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფედერაცია პასუხისმგებელია ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც დარგში ხდება. ლევან ყიფიანის განცხადებით, სამინისტრო მწვრთნელების შერჩევაში დაინტერესებული არ არის და ეს პასუხისმგებლობა სპორტის კონკრეტული სახეობის ფედერაციას აკისრია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან დღეს მოჭიდავეებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს კვერცხები დაუშინეს. სპორტსმენები კურტანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. შენობაში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუკა კურტანიძე და მწვრთნელები თანამდებობაზე რჩებიან. ლუკა კურტანიძემ შენობა შეძახილების ფონზე დატოვა. სპორტსმენებმა მას “ნაძირალა” უწოდეს.
22.09.14