თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამსაჯო კომიტეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე სერგო კვარაცხელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს მსაჯების გარდა ვინ მონაწილეობდა ამ გარიგებებში.
“შს სამინისტროს გუშინდელი განცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალის საფუძველზე, დღეს დაინიშნა ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის საგანგებო სხდომა. ამ სხდომაზე ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულ მსაჯებს მიესაჯოთ სამუდამო დისკვალიფიკაცია. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდება, შეუძლია მიმართონ ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვონ აღდგენა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, სამსაჯო კომიტეტი მიმართავს შსს-ს, რომ ასევე დადგინდეს სხვა პირები, რომლებიც შედიოდნენ მსაჯებთან გარიგებაში.
“გამოძიება გრძელდება და მნიშვნეოვანია, რომ დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერ დასახელდება ბრალდებული მსაჯების ვინაობა. ამასთან, კვარაცხელიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მსაჯი არის ფიფა-ს მსაჯი, ამის შესახებ ეცნობა ორგანიზაციას და ამოღებული იქნა ფიფა-ს მსაჯთა სიიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მსაჯების დაკავების შესახებ ოპერატიული მასალა გამოაქვეყნა. ოპერატიულ მასალაში ჩანს, თუ როგორ აწყობენ თამაშების კორუფციული გარიგების სქემას არბიტრები. მასალაში ასევე ჩანს, რომ ბრალდებულები გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ, რომელიც შეეხება ბარათებისა და ჯარიმების რაოდენობას და თამაშის სხვა ეპიზოდებს, ფულს იღებენ.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.
25.09.14