საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
საპატრიარქოში შეხვედრას პოეტი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომეხთა კავშირის, ასევე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათა შორის ურთიერთობების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობების გამყარებაზე და კეთილგანწყობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
“ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან რთულია. სომხეთი და საქართველო ეს არის ოაზისი მუსლიმურ სამყაროში. მახსენდება ჩემი შეხვედრა რომის პაპთან ვატიკანში. მან გადმოიღო ატლასი და საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ნახა. მითხრა, თუ როგორი რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოსა და სომხეთს, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის წარმომადგენელი ჩვენი ერის, ეს იქნება ქართველი თუ სომეხი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ავნებს ჩვენს ურთიერთობებს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი და მასთან საუბრის დეტალებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, მან მიმართა გარეგინ მეორეს, რომ სომხეთიდან საქართველოს მიმართ გაერო-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ბევრი უარყოფითი წერილები იგზავნება.
“მე ვუთხარი მას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვწერდეთ ერთმანეთზე, საქართველო არ დაწერს არავითარ უარყოფითს საერთაშორისო ორგანოზაციებში. ასე რომ, თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ გესმით, რას ნიშნავს ჩვენი სიახლოვე. როცა კარგად იყო საქართველო, კარგად იყო სომხეთიც და პირიქით, როცა ცუდად იყო საქართველო, ცუდად იყო სომხეთიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები ამას კარგად გრძნობენ, მე მადლობელი ამ ყურადღებისა და გაგებისათვის”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს პატრიარქმა.
ამასთან, შეხვედრაზე მყოფმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს ტკივილი მათი ტკივილია. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაგებით ეკიდება მათ სპეციფიურ საკითხებს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთად ნებისმიერ პრობლემებს გადალახავენ.
“ნებისმიერი პრობლემას კეთილგანწყობისა და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გადავწყვიტავთ”, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
25.09.14
Discussion about this post