საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების სრული შემადგენლობა გადადგა. მათ შესაბამისი თხოვნით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას გუშინ საღამოს მიმართეს. სამსაჯო განყოფილების გადაწყვეტილება მსაჯების დაკავებას უკავშირდება.
სფფ-ის პრეზიდენტმა სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების განცხადებები დააკმაყოფილა.
რაც შეეხებათ დაკავებულებს, მათ გუშინ ადვოკატები შეხვდნენ. ადვოკატებს გადაეცათ საქმის მასალებიც.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ., 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ., 1972 წელს დაბადებული მამუკა უ., 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ., ასევე პირველი კატეგორიის არბიტრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ., 1984 წელს დაბადებული ზვიად ა., ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და “ფიფას” არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ.. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. როგორც შსს-ში განაცხადეს, ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო. თუ როდის გაიმართება აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი, ამ დროისთვის უცნობია.
გუშინვე სამსაჯო კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიციკა მისცა.
26.09.14